მეწარმე ქალი, რომელიც პურს უძველესი ენდემური ჯიშის ხორბლისგან აცხობს (ვიდეო)

ქუთაისელი მზია ბენდელიანი პროფესით ინჟინერ-ტექნოლოგია. გარკვეული პერიოდით მუშაობდა კიდეც პროფესიით, შემდეგ ცხოვრება ქვეყნის საზღვრებს მიღმა მოუწია, სამშობლოში დაბრუნებულმა კი გადაწყვიტა, საკუთარ ქალაქში ორ თანამოაზრესთან – მაია ნუცუბიძესა და ვლადიმერ ბენდელიანთან ერთად, პურის საწარმო “თავთუხი” შეექმნა, რომელიც ხარისხზე იქნებოდა ორიენტირებული. საწარმოში პურს ისეთი უძველესი ენდემური ჯიშებისგან აცხობს, როგორიცაა წითელი დოლი, თავთუხი დიკა, ასევე ჭვავი, რომელიც ენდემური არ არის, მაგრამ საქართველოშია წარმოებული.

როგორც მზია გვიყვება, პურის განსაკუთრებულ გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს მისი მომზადების თავისებურება განსაზღვრავს – პური ნატურალურ საფუარზე​, დედაზე მზადდება.

მეწარმე ქალის განვლილი გზა არცთუ მარტივი აღმოჩნდა და ამ ორი წლის განმავლობაში არაერთ სირთულეს გადააწყდა.

– როდის გაგიჩნდათ იდეა, გაგეკეთებინათ პურის საწარმო? 

– იდეა, რომ გაგვეკეთებინა ნატურალური პურის საწარმო, გაგვიჩნდა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა გრანტები “აწარმოე საქართველოში”, რომელმაც დიდი ბიძგი მოგვცა. ვართ სამნი და ჩვენი ენთუზიაზმით და დიდი მონდომების წყალობით, რომ ქუთაისში გვეწარმოებინა კარგი და ჯანმრთელი პროდუქცია, დავიწყეთ ამ ოცნების რეალობად გადაქცევა. ამ დაფინანსების საფუძველზე ჩვენ პურს ვაწარმოებთ ნატურალურ საფუარზე, დედაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კარგი პურის ფქვილი გვაქვს, მაგრამ თუ მას ჩვეულებრივ საფუარზე მოვზელთ, არ ექნება ის სიკეთეები და დადებითი თვისებები, რომელიც ახლა აქვს.
– ქუთაისში საცხობის გაკეთება, სოციალური ფონიდან გამომდინარე, როცა პატარა საცხობები ვერ უმკლავდებიან სირთულეებს, თქვენთვის რისკის ფაქტორს წარმოადგენდა?
– ჩვენ ვართ ენთუზიასტები, გვქონდა ძალიან დიდი სურვილი ჩვენს ქალაქში გაკეთებულიყო სასიკეთო საქმე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სიძნელეები, არავინ არ უნდა შეუშინდეს ამას. თუ ყველა გარისკავს და გადადგამს ამ ნაბიჯებს, მოვმრავლდებით, პატარა საწარმოები მომრავლდებიან და კონკურენციასაც გაუძლებენ. ოჯახურ საწარმოს დიდი ნდობა აქვს ხალხში.
ჩვენს გამოცდილებას გეტყვით, გვგულშემატკივრობდნენ, გვეუბნებოდნენ არ დაიხუროთ, ჩვენ ვიყიდით, ერთის მაგივრად ორს ვიყიდით, აბა თქვენ იცით, გაუძელითო.. იგრძნეს რა კეთდებოდა, შეაფასეს რეალურად, რომ კარგი საქმე გაკეთდა.
რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს საწარმოში?
– ამჟამად ხუთი ადამიანია, იმიტომ რომ, ჯერჯერობით, ჩვენც ვეხმარებით, ჩვენც ჩართულები ვართ. თუმცა უკვე სექტემბრიდან ველოდებით საგრძნობლად გაყიდვების გაზრდას და შესაბამისად, დავამატებთ 3-5 ადამიანს.
– რამდენი სახეობის პურს აცხობთ?
– ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ხუთი სახეობის სტანდარტულ პურს, წითელი დოლი, თავთუხი დიკა, თაიგული,, ლომთაგორა და კიდევ საქართველოში მოყვანილ ჭვავს ვაწარმოებთ.
– თქვენი სამომავლო გეგმები როგორია? 
– ძალიან დიდ პროვოკაციაზე წავედით, დავიწყეთ შეკმაზული პურები. ვკმაზავთ პურებს და იმ ნედლეულსაც ნატურალურს ვიყენებთ. მაგალითად, პილპილით, ქინძით, კაკლით, ზეთისხილით და უკვე თვრამეტი სახეობა გვაქვს მიღებული ასეთი შეკმაზული პურების. ამასთან, ვართ გაფართოების მოლოდინში.

ლიკა კაკუშაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები