კურორტი ბეშუმი – აჭარის სამთო კურორტების გამორჩეული სიამაყე

აჭარის სამთო კურორტების გამორჩეულ სიამაყეს წარმოადგენს ალპურ ზონაში განლაგებული კურორტი ბეშუმი, რომელიც მდებარეობს არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1850-2000 მეტრის სიმაღლეზე. ბეშუმში მიმავალი მოგზაური ჯერ კიდევ გზაში აივსება არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებით, რადგან გზად იგი გაივლის აჭარისწყლის ულამაზეს ხეობას, სადაც დღემდეა დაცული კოლხეთისათვის დამახასიათებელი მცენარეულობა. შესანიშნავ პეიზაჟებს ქმნიან აჭარისწყლის შენაკადები, რომლებიც მრავალ ადგილას თვალწარმტაც ჩანჩქერებად ეშვებიან ხოლმე.
კურორტი საუკეთესო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს მათთვის, ვინც გარდა ქალაქის ხმაურისა და სიცხისგან თავის დაღწევისა, ჯანმრთელობასა და დროის საინტერესოდ გატარებაზე ზრუნავს. კურორტზე ალპური და წიწვოვანი მცენარეების საუკეთესო კომბინაცია დასვენებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის და ის ტურისტებისთვის საუკეთესო საპიკინიკე და საკარვე ადგილს წარმოადგენს, სადაც საფეხმავლო, საცხენოსნო და სათავგადასავლო ტურების განხორციელებაა შესაძლებელი.
ბეშუმი მთის კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. მთავარი სამკურნალო ფაქტორია ჰაერის გამჭირვალობა და უმნიშვნელო ტენიანობა, მზის ულტრაიისფერი სხივების სიუხვე, კარგი სასმელი და მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახები, მდიდარი ბუნებრივი გარემო. კურორტის შემოგარენი, წიწვოვანი ტყე ახდენს ჰაერის განსაკუთრებულ იონიზაციას. სუფთა ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი გულ-სისხლძარღთა დაავადებების სამკურნალოდ შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს. კურორტის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყაროები ასევე კარგი საშუალებაა საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდაც.
აგვისტოს პირველი შაბათი-კვირა განსაკუთრებით გამოირჩეულია კურორტ ბეშუმის დამსვენებლელთათვის, რადგან ყოველ წელს, ამ დროს ტრადიციულად, შუამთობის სახალხო დღესასწაული იმართება. შუამთობის დღესასწაულზე უამრავი ადამიანი იყრის თავს. ღონისძიების ფარგლებში ტარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ადგილობრივი კერძების გამოფენა. ეწყობა შეჯიბრებები დოღსა და სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
კურორტი ბეშუმი ძირითადად ფუნქციონირებს მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე. კურორტი სეზონის განმავლობაში ათასობით დამსვენებელს იზიდავს. ზამთარში სეზონი დაკეტილია, რადგან წელიწადის ამ დროს გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე თოვლის საფარის სიმაღლე, დაახლოებით, 5-6 მეტრს აღწევს.
ფაქტები:
მდებარეობა: ხულოს მუნიციპალიტეტი
მანძილი ბათუმიდან: 117 კმ
მანძილი ხულოდან: 37 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1850 მ
მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: 2000 მ
მარშრუტის ტიპი: საავტომობილო
სეზონი: ივნისი-სექტემბერი
ფიჭური ქსელების დაფარვის ზონა: სრულად
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა
მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია
ნალექების წლიური რაოდენობა: 1100 მმ
ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%
აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა: 17°C
იანვრის საშუალო ტემპერატურაა: -5°C

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები