როგორია G8-ში რუსეთის დაბრუნების შანსები – განმეორდება თუ არა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეცედენტი
„დიდი შვიდეულის“ სამიტის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური გახდა G8-ის აღდგენის საკითხი, რომელშიც რუსეთი 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ აღარ მონაწილეობს.
რუსეთის დაბრუნების შესაძლებლობაზე პირველი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ 2018 წელს ალაპარაკდა. უცხოელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტრამპმა რუსეთი სამიტზე 2020 წელს შეიძლება, მიიწვიოს, რადგან სამიტის მიმღები ქვეყანა სწორედ აშშ-ია.
20 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტების საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა, რომელსაც პრეზიდენტმა ემანულ მაკრონმა უმასპინძლა.
მედიაში მალევე დაისვა კითხვა, მოხდებოდა თუ არა მაკრონის მხრიდან “დიდ რვიანში” რუსეთის მიწვევა.
თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს, ჯერჯერობით, არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ სამიტზე მისი დაბრუნება იყოს შესაძლებელი. კერძოდ, საუბარია „მინსკის შეთანხმებების“ შესრულებაზე.
გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის პოზიცია
საკითხს „დიდი შვიდეულის“ მონაწილე ქვეყნების ლიდერები ეხმიანებიან.
როგორც 21 აგვისტოს ბერლინში ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის ვიზიტის შედეგად გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რუსეთი დიდი რვიანიდან რიგი მიზეზების გამო გარიცხეს, რომლებიც დღესაც არსებობს. მისივე თქმით, ეს არის უკრაინის ყირიმის ანექსია, ასევე, დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერა. მანვე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი „მინსკის შეთანხმებების“ რეალიზებისთვის ნაბიჯს გადადგამს, ვითარების სხვაგვარად შეფასება იქნება შესაძლებელი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი მერკელის პოზიციას შეუერთდა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი რუსეთს სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს, რუსეთი პროვოკაციებს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მსოფლიოს სხვა წერტილებშიც აწყობს.
ევროკავშირის გამოხმაურება
ევროკავშირი „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნებას ეწინააღმდეგება. როგორც მედიას ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რუსეთის მიწვევა პირობების შესრულების გარეშე კონტრპროდუქტიული, სისუსტის ნიშანი იქნება, რუსეთთან დიალოგისთვის დიდი ოცეულის ფორმატი არსებობს, „შვიდეული“ კი დემოკრატიების ფორუმად უნდა დარჩეს, რომლებსაც საერთო ფასეულობები აკავშირებთ.
უკრაინის პოზიცია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, “დიდ რვიანში” რუსეთის დაბრუნება მხოლოდ ოკუპირებული ყირიმის დაბრუნების, დონბასში ომის დასრულებისა და უკრაინელი მეზღვაურებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ზელენსკიმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც უკრაინას თანმიმდევრულად უჭერენ მხარს, მადლობა გადაუხადა.
ამის პარალელურად კი აშშ-ში უკრაინის საელჩომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მოწოდებით მიმართა, აიძულონ რუსეთი, კონსტრუქციულ ქმედებას დაუბრუნდეს.
რუსეთის გამოხმაურება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ზელენსკის განცხადებას უპასუხა.
მისი თქმით, არსებობს დიდი დიპლომატიის საერთაშორისო ფორმატები, როგორებიც არის გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო, სადაც რუსეთი დღის წესრიგისა და მსოფლიო პოლიტიკის რეალიზებაში ღებულობს მონაწილეობას. ზახაროვა აღნიშნავს, რომ „მინსკის შეთანხმება“ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მიერ არის მხარდაჭერილი, შესაბამისად, თავად უკრაინამ უნდა დაიცვას ისინი.
„დიდი შვიდეულის“ 45-ე სამიტი საფრანგეთში, ქალაქ ბარიცში 24-26 აგვისტოს გაიმართება.
სამიტის მონაწილე ქვეყნებია: აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იტალია, იაპონია.
სხდომებში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის ორი წარმომადგენელი, კერძოდ, ევროკომისიის თავმჯდომარე და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი.