ბოლო წლებში, უკანონო თევზჭერის მიმართულებით, სამართალდარღვევათა შემცირება შეინიშნება, – ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა, მაია ჩხობაძემ განაცხადა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა აქვს გამოცხადებული. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გამკაცრდა კანონმდებლობა, მათ შორის უკანონო თევზჭერასთან მიმართებაში. უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ თევზჭერის ელექტროიარაღის შენახვა, ფლობა, შეძენა, გაყიდვა და გადატანაც კი დასჯადი გახდა. ამ იარაღით თევზჭერა კი, პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი გახდა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია ასევე ნებისმიერი ტიპის სახლართი ბადის გამოყენებაც, რაც ასევე დიდ ზიანს აყენებს წყლის ეკოსისტემას“, – აღნიშნა ჩხობაძემ.
მისი თქმით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს. დეპარტამენტის შესაძლებლობები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
„ბოლო პერიოდში აქტიურად ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელთა საშუალებითაც არაერთი სამართალდარღვევა გამოვავლინეთ. კომპლექსურად ყველა ღონისძიებამ, შემაკავებელი ეფექტი ნამდვილად შექმნა, მათ შორის უკანონო თევზჭერის მიმართულებით, სამართალდარღვევათა შემცირება შეინიშნება. მუშაობა აქტიურად გრძელდება“, – აღნიშნა მაია ჩხობაძემ.