ტრამპის მთავარმა ოპონენტმა აშშ-ის კონგრესიდან გადადგომის შესახებ განაცხადა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ 2027 წლის დასაწყისში, მისი ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობას დატოვებს, – ამის შესახებ The New York Times-ი იუწყება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, პელოსი გამორჩეული კარიერის დასრულებას გეგმავს, რომლის დროსაც ის აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად იქცა. 85 წლის პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პირველი და ერთადერთი ქალი სპიკერი იყო.
„მე არ ვაპირებ კონგრესში ხელახალ არჩევნებში მონაწილეობას. ჩემი გზავნილი ქალაქისადმი, რომელიც მიყვარს, ასეთია: სან-ფრანცისკო, აღიარე შენი ძალა. ჩვენ ისტორია შევქმენით. პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ ყოველთვის ლიდერები ვიყავით“, – თქვა მან X-ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
აღსანიშნავია, რომ პელოსი ამერიკული საზოგადოებისა და მისი ქალაქისთვის დრამატული ცვლილებების პერიოდში მოღვაწეობდა: შიდსის კრიზისიდან ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციამდე, ასევე ტექნოლოგიური სექტორის სწრაფი ზრდისა და ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაციის პერიოდში. ის კონგრესში სან-ფრანცისკოს 39 წლის განმავლობაში წარმოადგენდა.