როგორ ვრცელდება მუნი და როგორ ავირიდოთ დაავადება თავიდან –  დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილის განმარტება

როგორ  ვრცელდება მუნი, რა სიმპტომები აქვს და  როგორ, შეიძლება  დაავადების  თავიდან აცილება –  ამ საკითხებთან დაკავშირებით “კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითიეროვნული ცენტრის“ დერმატო-ვენეროლოგმა,  პროფესორმა  თინა ქიტუაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“მუნი პარაზიტული დაავადებაა, რომელიც  ჩემს ბავშვობაშიც არსებობდა, ახლაც არსებობს და იარსებებს.  ყოველწლიურად ჩვენ გარკვეულად ამ დაავადების მატების ტალღა გვაქვს   და ეს ყოველთვის დასვენების შემდგომი პერიოდია  ხოლმე,  როდესაც მოსახლეობის გადაადგილება ხდება.      არდადეგების პერიოდში სოფლად წასვლაა,  ჩამოსვლაა, კოლექტიურ საზოგადოებაში დაბრუნებაა,  სადაც  სწავლობენ და ა.შ. ეს არის პარაზიტი, რომელიც არ დაფრინავს და რომელიც  მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტით გადადის.  ეს არის ძალიან დასაფიქრებელი, რომ გადადების გზა   მჭიდრო  და ხანგრძლივი კონტაქტია, რომელიც უფრო ოჯახებში,   ნათესავებშია,   რომელთაც ჩვენ ვსტუმრობთ,  ან ისინი გვეწვევიან.   გადადის ტანსაცმლით, ლოგინის თეთრეულით და რბილი საგნებით. არასწორია, როდესაც ჰიგიენის ელემენტარული წესებია დარღვეული,  მაგალითად,  ხელის დაბანა, სხვისი ტანსაცმლის ჩაცმა,  სხვის ლოგინში ჩაწოლა. ასეთ შემთხვევაშია  გადადების გზები.   რისკ ჯგუფებშია მოსახლეობის ისეთი ნაწილი, რომელიც მჭიდრო კონტაქტშია.  ეს,   ალბათ, საბავშვო ბაღები და სკოლებია, ოჯახში წევრები,   მეზობელი, რომელიც ხშირად გვსტუმრობს,  ან ბებიები, ბაბუები, რომლებთანაც ბავშვები მიდიან,   რჩებიან  და მერე  სახლში ბრუნდებიან. ეს  თვალით უხილავი პარაზიტია, რომელიც მხოლოდ  კანზე პარაზიტობს,   არ გადადის   შინაგან ორგანოებზე. ეს ადამიანს საშუალოდ ორი კვირის განმავლობაში  შეიძლება, კანზე ჰქონდეს,  მაგრამ კლინიკა გაშლილი არ იყოს, არ ჰქონდეს არც ქავილი, არც   გამონაყარი. რატომ? იმიტომ, რომ  ჯერ  დრო არ აქვს,  რომ კანში შეძვრეს   და კვერცხების დადება დაიწყოს.   ტკიპების მოძრაობა ქავილის შეგრძნებას იწვევს .      ქავილი  სითბოზე ძლიერდება.   სითბო როდის  გვაქვს: როდესაც ლოგინში ვწვებით, როდესაც   დაავადებული ადამიანი ლოგინში წვება,    პარაზიტი   მოძრაობას იწყებს, და ადამიანს დაუოუკებელი ქავილის შეგრძნება აქვს. ამიტომ ვამბობთ, რომ მუნით დაავადებულს აქვს ღამის ქავილი. ქავილი ასევე  ბანაობისას. როდესაც არის ქავილი, სპეციალისტის ჩართვა,   ძალიან მნიშვნელოვანია.  გამონაყარი   სპეციალურ ადგილებში ჩნდება. ბავშვებსა და მოზრდილებში განსხვავებული ადგილებია,  მამაკაცებსა და ქალებშიც განსხვავებული ადგილებია.  მოზრდილებში არის ხელის მტევნებზე, მაჯების მიდამოში,  თითების გვერდით ზედაპირებზე და თითებშუა არეებში. ბავშვებში:  ხელის გულებსა და ფეხის გულებზე.   მუცელი, ბარძაყების შიგნითა ზედაპირი,  დუნდულები,   სამკუთხედის მაგვარად კუდუსუნის მიდამო –    ეს ლოკალიზაცია ყველა მოზრდილში ტიპურია.  ბავშვებში   ესეც არის და პლუს, როგორც უკვე გითხარით,    ხელის გულები , ფეხის გულები, სახე და თავი.   მამაკაცებში  დამახასიათებელი  ლოკალიზაციაა სათესლე პარკები,   ქალებში   სარძევი ჯირკვლები”-  განაცხადა ქიტუაშვილმა.

მისივე თქმით, მკურნალობისას სამი პირობის დაცვაა მნიშვნელოვანი: იმ სქემის ზუსტი დაცვა, რაც ექიმმა გვირჩია,  კონტაქტში მყოფი ყველა პირის ერთდროული მკურნალობა,  იმ ნივთების აუცილებელი დეზინფექცია,  რომლებსაც დაავადებული ადამიანი შეეხო.

“მუნით დაავადებულ პაციენტთან კლინიკური გამოვლინების  მიხედვით იმ პრეპარატს ვარჩევთ, რომელსაც  ანტისკაბიოსური,  ანუ ანტიპარაზიტული ეფექტი აქვს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბაზარი გაჯერებულია, უამრავი ანტიპარაზიტული პრეპარატი გვაქვს. როდესაც ვსაუბრობთ მკურნალობაზე, აქ აუცილებელი  სამი პირობაა განსახორციელებელი: იმ   სქემის ზუსტი დაცვა, რაც ექიმმა გვირჩია. გაიდლაინში პირდაპირ გვიწერია, რომ  პაციენტს დანიშნულება აუცილებლად  წერილობით უნდა მივცეთ. ყოველთვის ვუწერ რიცხვს,  როდის უნდა დაიწყოს [წამლის მოხმარება] და მეორედ როდის უნდა გააკეთოს,  ანუ ერთი კვირის თავზე როდესაც ახალი ტკიპები გვექნება.  მეორე უფრო მნიშვნელოვანი პირობაა:  კონტაქტში მყოფი ყველა პირის ერთდროული დამუშავება, მას კლინიკური გამოვლინება აქვს,  თუ – არა.   შესაძლებელია, ადამიანს დაავადება   ინკუბაციურ პერიოდში ჰქონდეს, გამოვლინება არ იყოს,  მაგრამ მატარებელი იყოს.  შეიძლება, ოჯახის ერთი წევრი  იყოს დაავადებული, მაგრამ ოჯახში თუ ხუთი ადამიანი ცხოვრობს, ვთქვათ,   დედა, მამა  და ბავშვები, განურჩევლად იმისა, აქვთ,  თუ არა  გამონაყარი, ქავილი,  მკურნალობა ყველამ  ერთდროულად უნდა ჩაიტაროს. გვაქვს სამკურნალო პრეპარატები,  რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერ დავასახელებ, რადგან    ექიმის პრეროგატივაა,  აირჩიოს რომელ პრეპარატს იყენებს. მესამე პირობაა: იმ ნივთების აუცილებელი დეზინფექცია, რომლებსაც დაავადებული ადამიანი შეეხო.  ეს არ არის ძაღლებით , ცხოველებით გადამდები დაავადება.  ეს არის ადამიანიდან ადამიანზე უშუალო კონტაქტით გადამდები დაავადება.  დაავადებული ადამიანის ტანსაცმლის  დეზინფექცია უნდა  მოხდეს,   დეზინფექციას კონტაქტში მყოფი პირებიც აკეთებენ,   რომლებიც ასევე წამალს ისმევენ, მაგრამ მათი ტანსაცმელიც შეიძლება,  მატარებელი იყოს.

როგორ გავაკეთოთ დეზინფექცია?  100° ტემპერატურაზე მუნის ტკიპა მომენტალურად კვდება.   თუ ჩვენ ამ ტანსაცმელს 10 წუთის განმავლობაში წამოვადუღებთ, მუნის ტკიპა აბსოლუტურად კვდება.   თუ დავაორთქლებთ,  ოღონდ არა ორთქლის უთოთი,  არამედ უშუალოდ საგანს სველი მეთოდით   დავაუთოვებთ,   ესეც   ის პირობაა,  რომ ტკიპა  მომენტალურად კვდება.  სარეცხის მანქანის  გამოხარშვის რეჟიმი დეზინფექციისთვის აბსოლუტურად საკმარისია.  შეგვიძლია, თეთრეულს,   რომელიც ამ გრადუსს უძლებს,  სარეცხის მანქანით დეზინფექცია გავუკეთოთ.  ის ქსოვილი, რომელიც გამოხარშვას ვერ უძლებს, ვურჩევ გარეცხონ,  შიგნითა მხარეს, რომელიც კანთანაა  შეხებაში სველი ტილო   დავაფინოთ,   უთოთი  დავაშროთ,   ესეც თქვენი 100 გრადუსი ტემპერატურა. მაგალითად, შარფები, კეპები, შეგვიძლია, გავყინოთ. გარეცხილი, მშრალი  ერთჯერად ცელოფანში ჩავდოთ და საყინულეში 24 საათის განმავლობაში გავაჩეროთ”, –  განაცხადა ქიტუაშვილმა.

ცნობისთვის, პროფესორ თინა ქიტუაშვილის განცხადებით, მუნით დაავადების შემთხვევების გარკვეული მატება არის, თუმცა, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები