პროკურორი: უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი დაინტერესებული პირების დავალებებით ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე აგროვებდნენ და ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციებს

საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, საქმეში არსებობს მტკიცებულება, რომ ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი დაინტერესებულ პირთა ჯგუფისგან იღებდნენ დავალებებს.

მისი თქმით, ბრალდებულები საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფას ეწეოდნენ და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდნენ.

„მტრული საქმიანობის დისპოზიცია მოიცავს უცხო ქვეყნისთვის, უცხო ქვეყნის ორგანიზაციისთვის ისეთ საქმიანობაში დახმარებას, რისი მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა. ზუსტად ასეთ საქმიანობაში ჩართვას ვედავებით ბრალდებულებს. უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი დაინტერესებულ პირთა ჯგუფის დავალებებით ეს პირები, ვგულისხმობ, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, აგროვებდნენ და ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციებს, ნარატივებს. ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საუბრობენ, რა დავალება მიიღეს უკრაინაში მოქმედი დაინტერესებული პირებისგან. ეს არ არის სატელეფონო საუბარი, ეს არის ადამიანების შეხვედრა. უკრაინაში მოქმედი ინტერესთა ჯგუფები ამათ აძლევს დავალებებს, რომ შეაგროვონ და გაავრცელონ ცრუ ინფორმაციები, ნარატივები, თითქოს საქართველოს სახელმწიფო არღვევს სანქციებს და აკრძალულ ტვირთს, აკრძალულ საიმპორტო ტვირთს იღებს საქართველო, ასევე საქართველოს საჰაერო საღვარი გამოყენებული იყო რუსეთისთვის იარაღის, ვგულისხმობ, საბრძოლო დრონების მისაწოდებლად. ჩანაწერში პირდაპირ არის საუბარი, რომ მათი ინტერესი არ იყო საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ან დემოკრატიული პროცესების განვითარება. მათ ჰქონდათ მხოლოდ ერთი მიზანი, ხელისუფლების უკანონო მეთოდებით შეცვლა“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები