საბოტაჟის საქმეზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ

სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ, ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

გირაოს გადახდის ვადად ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს 30 დღე განესაზღვრათ.

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, მათ მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღად 25 დეკემბერი, 13:00 საათი განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები