პროკურორი – ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ჩვენ ვითხოვთ გირაოს მილიონ-მილიონ ლარს
ჩვენ ვითხოვთ გირაოს მილიონ-მილიონ ლარს, – ამის შესახებ საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სხვა ბრალდებულებთან დაკავშირებით პროკურატურამ სასამართლოს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე მიმართა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ზოგი ბრალდებულების მიმართ, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. აღნიშნული ბრალდებულების მიმართ ჩვენ ვითხოვთ გირაოს მილიონ-მილიონ ლარს. ხოლო რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, დანარჩენები იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში და ჩვენ მივმართეთ სასამართლოს მათ მიმართ მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძვლები უკვე ისედაც აღმოფხვრილი იქნებოდა.
საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არის სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და ვიდეო ჩანაწერები. ასევე არის ექსპერტიზის დასკვნები“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.