სოზარ სუბარი: მეხსიერებიდან ვერასდროს წაიშლება, თუ როგორ დაუპირისპირდა და რამდენად სასტიკად გაუსწორდა 7 ნოემბერს სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარ ხალხს
„7 ნოემბერი დარჩა დღედ, რომელმაც სააკაშვილი გაისტუმრა პოლიტიკურ სამარეში“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 7 ნოემბრის შეფასებისას განაცხადა.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა არ აპატია მიხეილ სააკაშვილს.
მისი თქმით, 7 ნოემბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში შევა გარდამტეხ თარიღად, როცა მოსახლეობამ ნათლად დაინახა, რომ ხალხის და ხელისუფლების სურვილები და პოზიციები ერთმანეთს რადიკალურად უპირისპირდებოდა.
„არის თარიღები, რომელიც მუდმივად რჩება ერის ისტორიაში და მეხსიერებაში. 9 აპრილის მონაწილე ვარ, იქ ვიდექი და ეს არის დღე, რომელიც არასდროს წაიშლება არა მხოლოდ თითოეული იქ მყოფი ადამიანის მეხსიერებიდან და ემოციიდან, არამედ მთელი ერის მეხსიერებიდან. ასეთივე დღეა 7 ნოემბერი. დემონსტრაციებისა და მიტინგების მეტი რა გვინახავს საქართველოში, მაგრამ არსებობს გარდატეხის თარიღები და 7 ნოემბერი ერთ-ერთი ამგვარი გარდატეხის თარიღია.
ეს არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ხალხის და ხელისუფლების ინტერესები და პოზიციები აბსოლუტურად ასცდა ერთმანეთს. ეს იყო დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით დაუპირისპირდა ქართველ ხალხს. ეს კარგად დაინახა ქართველმა ხალხმა და არ აპატია მაშინდელ ხელისუფლებას, რომელმაც დილის 7 საათზე დაიწყო დარბევების კასკადი. პირველად დაარბიეს ის რამდენიმე ათეული მოშიმშილე, რომლებიც პარლამენტის კიბეებზე ისხდნენ აბსოლუტურად მშვიდობიანად და არათუ საავტომობილი გზას არ კეტავდნენ, თვით ტროტუართანაც კი არ ჰქონდათ შეხება.
ამის შემდეგ, დღის განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე რამდენჯერმე განმეორდა დარბევები. დარბევაში მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროს ძალები და სასჯელაღსრულების სპეცრაზმი, რაც კონსტიტუციის სერიოზული დარღვევაა. მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაში მონაწილეობდნენ ე.წ. „ტიტუშკები“, ნაცმოძრაობის არაფორმალური მარბიელი ბანდები, რომლებიც არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ წარმოადგენდნენ, რამაც ხელისუფლება, პრაქტიკულად, კანონგარეშე დააყენა. მახსოვს, პარლამენტსა და პირველ გიმნაზიას შორის რამდენიმე სპეცრაზმელი ხელკეტებით სცემდნენ ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტს და ოპერატორს, თან უშვერი სიტყვებით აგინებდნენ და ეუბნებოდნენ – „შე ბადრის ლეკვო, რამდენს ბედავო“. ეს ჟურნალისტი და ოპერატორი იმ შემთხვევაში მე გადავარჩინე და გამოვიყვანე სამშვიდობოს.
ამას მოჰყვა შეკრების დარბევა რიყეზე – იმ ადგილას, სადაც არც ავტომანქანების სავალი ნაწილია და არც რაიმე სტრატეგიული ობიექტი, შესაბამისად, ვერანაირი ლეგიტიმური საფუძველი მიტინგის დარბევას ვერ ექნებოდა. და დღის ბოლოს, ამ უკანონობათა კასკადის კულმინაცია იყო ტელეკომპანია იმედში სპეცრაზმის შეჭრა და დარბევა, რასაც თან ახლდა აპარატურის განადგურება, ჟურნალისტების ცემა და მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვა.
სწორედ ამ ყველაფრის გამო, 7 ნოემბერი არის ის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა არ აპატია მიხეილ სააკაშვილს და ის აიძულა ჯერ გადამდგარიყო, მოგვიანებით კი სამუდამოდ გაისტუმრა პოლიტიკურ სამარეში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.