„მივდივართ მომავალში და თან მიგვყავს ჩვენი წარსული, გულსაკიდებად, საყურეებად თუ სანიშნეებად“ – „კოსოსია“, ბავშვობა და ეპოქსიდის წვეთში ძაფებით ჩახატული სახლი და კესანები

მოგესალმებით, მე ვარ ლანა,კოსოსიას დამფუძნებელიკოსოსია არის სამკაულების ბრენდი ბავშვობის გადმონაშთი ეს არ არის უბრალოდ სამკაულები ეს არის გზა წარსულში სამოგზაურო –  ეს სიტყვები დევიზივით აქვს წამძღვარებული გვერდს „კოსოსია“, სადაც თითოეულ ნივთს და კოლექციას თავისი ისტორია აქვს, შთაგონება კი არის ბავშვობა. „ვმუშაობ ყალიბების გარეშე, რადგან არ მიყვარს „ჩარჩოები“… ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა არ დაივიწყოს საკუთარი პატარა „მე“. –  თვითნასწავლი ხელოვანის, ლანა ყოჩიშვილის პერსონა.
– თქვენს გვერდს „კოსოსია“ ჰქვია და ბავშვობას უკავშირდება…
– ვფიქრობ, ეს უფრო მცდელობაა იმისა, რომ ბავშვობა არ დამავიწყდეს თავისი ყველა დეტალით თუ მომენტებით… ბავშვობის სურნელიც კი მახსოვს…
–  პირველი ნამუშევრები…
– პირველი ნამუშევარი იყო ე. წ.  „მავთულით“  გაკეთებული ბეჭედი, რომელსაც ბავშვობაში უამრავს და ათასფერს ვაკეთებდი…– ყველა ნამუშევარში პოეტური  სული და ფანტაზიაა ჩაქსოვილი… შთაგონება ბავშვობააო, ამბობთ. როგორ შეიქმნა თუნდაც წვიმის წვეთების საყურეები?
– მახსოვს წვიმის შემდეგ ჩემი სოფლის სახლის ფანჯრებზე  მოსეირნე წვეთები, საიდანაც ცა ლამაზად ირეკლებოდა და აქედან წამოვიდა ეს იდეაც…
–  „ყველაზე არასრულყოფილი „სრულყოფილება“ იქმნება აქ“.  როგორ განავრცობდით ამ ფრაზას?
– „კოსოსიას“ სამყაროში ყველაფერი ნამდვილად „არასრულყოფილია“…სულ თავიდან ვცდილობდი, ყველაფერი ზედმიწევნით „კარგად“ გამეკეთებინა, რადგან ეპოქსიდზე მუშაობა ცოტა სპეციფიკურია, დეტალებს უნდა დაუკვირდე, რომ შეცდომა არ გაიპაროს…თუმცა ნელ-ნელა მივხვდი, რომ  „საზღვრები“ უნდა გადამეკვეთა… მაშინ, როცა სამკაულში შეპარული თუნდაც ერთი პაწაწინა ბუშტი ნამუშევარს „აფუჭებდა“  (ეს ვინ და რატომ დაადგინა, არ ვიცი), დღეს პირიქით, ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ჰაერი დავუტოვო ჩემს ჰერბარიუმებს, რათა არ დაემსგავსონ „სტიკერებს“ და შეძლონ „სუნთქვა“…– ძირითადი მასალა არის ეპოქსიდი?
– კი, თუმცა მაქვს უამრავი დეტალი გამოვიყენე წარსულიდან: ბებოს ძაფები და ღილები, გამხმარი ყვავილები, ჩაის ფერი, თვლები, ხელსახოცები…
– ერთი  ნამუშევრის  ამბავი…
– იყო ასეთი ჩემი საავტორო კოლექციიდან „სამყარო წვეთში“. ეპოქსიდის წვეთში ძაფებით ჩავხატე სახლი და კესანები, სურათი კი დავდე „აწარმოე ქართულში“,  სადაც მქონდა დაახლოებით ასეთი თხოვნა: თუნდაც ერთი სიტყვით გადმოეცათ შეგრძნებები, რასაც ეს გულსაკიდი იწვევდა…და დღემდე სტიმულს მაძლევს ის კომენტარები, სრულიად უცხო ადამიანების გულწრფელობა, ემიგრანტების მონატრება ბავშვობისადმი… მაშინ მივხვდი, რომ ყველა ადამიანი გულში სათუთად მალავს თავის პატარა „მეს“…
– ჰერბარიუმები… გაჩერებული დრო… სანიშნეები ლამპის შუქზე წაკითხული ზღაპრები“…  ყველა სამკაულს თავისი ხსოვნა აცოცხლებს. და მაინც, უფრო მეტად რომელი სამკაული  იზიდავს შემძენს?
– აქ ყველა სამკაულს თავისი ისტორია აქვს…მოსწონთ უცხო და არასტანდარტული ნამუშევრები…ყოფილა შემთხვევები, როცა შეკვეთა ვერ ამიღია თუნდაც იმის გამო, რომ ადამიანს უნდოდა, მაგალითად, სტანდარტული გულსაკიდი, მე კი ყალიბებით არ ვმუშაობ…თუმცა აუცილებლად ვამისამართებ შესაბამის მეწარმესთან…
– „ეს არ არის მხოლოდ ხელოვნება ეს არის მოგზაურობა დროში… და ალბათ მოგზაურობა მომავალშიც?
– რა თქმა უნდა, მივდივართ მომავალში და თან მიგვყავს ჩვენი წარსული გულსაკიდებად, საყურეებად, ჯიბე-ჩანთებად თუ სანიშნეებად…– ჰობი…
– ხატვა…წერა…ხეტიალი…
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამ წამსაც ვმუშაობ ახალ ჰერბარიუმებზე და ახალ ფერებზე „წვიმის წვეთებში არეკლილი ცისარტყელა“…
– რა შეგრძნებაა, როდესაც სამკაული სხვაგან მიდის ანუ მყიდველთან?
– საოცარი შეგრძნებაა, თან მიხარია, თან თითქოს დანაკლისს განვიცდი…ყველაზე მეტად კი ის მიხარია, როცა ადამიანი ზუსტად ხვდება, რისი თქმა და გადმოცემა მინდოდა ამა თუ იმ ნამუშევრით…
– დრო… როდის ქმნით ამ სილამაზეებს? ალბათ სხვა საქმეც გაქვთ თუ მხოლოდ ხელნაკეთ სამკაულებს ამზადებთ?
– ეს ყველაფერი, ძირითადად, იქმნება ღამით, როცა ყველაფერს სძინავს და სრული სიმშვიდეა…ხშირად დილის მზის სხივები მახსენებენ,რომ უნდა დავისვენო…– გამოფენები… სამომავლო გეგმები…
– ბევრ გამოფენაზე ვარ ნამყოფი, რადგან მიყვარს ხეტიალი და გამოწვევები…ვიყავი ასოციაციაშიც… შემდეგ აღმოვაჩინე ფლეშ მარკეტი შარდენზე და გახსნის პირველივე დღიდან გავდივარ მხოლოდ იქ… თითქოს კოსოსიამ იპოვა სახლი, სადაც ყველაზე თავისუფალია… სადაც ყველა ერთმანეთზე ზრუნავს, ერთმანეთს მხარს უჭერს და სტიმულს აძლევს… ძალიან. ძალიან მინდა უფრო ბევრ ადამიანს გავაცნო კოსოსიას სამყარო და ერთად ვიმოგზაუროთ ბავშვობაში…

                                                          თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები