ცხინვალი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ.საზღვარს ჩაკეტავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ. საზღვარს რუსეთის მიერ ცხინვალის „დამოუკიდებელ რეგიონად“ გამოცხადების 11 წლისთავთან დაკავშირებით ჩაკეტავს.
ამის შესახებ ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურის თანამშრომელმა, ეკატერინა ბიაზოვამ განაცხადა.
მისი თქმით, საზღვარი 25 აგვისტოს 20:00 საათიდან 27 აგვისტოს დილის 06:00 საათამდე ჩაიკეტება.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის შედეგად, იმავე წლის 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა.
რუსეთის მსგავსად, ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს მხოლოდ ნიკარაგუამ, ნაურუმ, ვენესუელამ და სირიამ.
გარდა ამისა, სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობას ცნობენ არაღიარებული ტერიტორიები: მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი, სახარის არაბული დემოკრატიული ე.წ. რესპუბლიკა, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული ე.წ. სახალხო რესპუბლიკები.