ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი: აიბღა რუსეთის ტერიტორიაზეცაა და თუ ის რუსეთის კარტოგრაფიის ჩამონათვალშია, ამაში გასაკვირი არაფერია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე აცხადებს, რომ სოფელი აიბღა „რუსეთ-აფხაზეთის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ერთობლივ კომპეტენციაში რჩება“.
მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ სოფელი რუსეთს ეკუთვნის – არასწორია.
ამის შესახებ კოვემ „ეხო კავკაზას“ განუცხადა.
„ვნახეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, მათ შორის აფხაზეთში, ოკუპაციის პირობებში ვერ მოხდება. საქართველოს ტერიტორიის ანექსიის, ოკუპაციის შესახებ ტერმინები სიახლეს არ წარმოადგენს, მით უმეტეს, უაზრო თეზისები ოკუპაციის შესახებ. მაგრამ აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რომელიც სოფელ აიბღას საკითხსაც შეიცავს – ეს რუსეთ-აფხაზეთის ჯგუფის კომპეტენციაა, რომელიც სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციითა და დემარკაციით არის დაკავებული. კომისია მუშაობას აგრძელებს. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ სოფელი აიბღა დღეს რუსეთის შემადგენლობაშია – არასწორია და ეს დეზინფორმაციაა. მეტიც, დასახლებული პუნქტი აიბღა რუსეთის ტერიტორიაზეც იმყოფება და თუ ის რუსეთის კარტოგრაფიის ჩამონათვალშია, ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება სოფლის იმ ნაწილს, რომელიც აფხაზეთშია – ის ჩვენს ტერიტორიაზეა, “ჩვენი იურისდიქციის ქვეშ“, – აღნიშნა კოვემ.
მისი აზრით, საკითხის წამოწევა უკავშირდება იმას, რომ დღეს „საქართველოში სერიოზული შიდაპოლიტიკური პროცესებია, აფხაზეთის თემა კი, სამწუხაროდ, ისევ თამაშდება. გამომდინარე იქედან, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს მთავრობის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში დგას, ვფიქრობ, ისეთი შიდაპოლიტიკური თამაშია, რომელიც მოქმედი ხელისუფლების შეცვლისკენ არის მიმართული“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები