გუდაუთაში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ე.წ. საარჩევნო შტაბი დაცხრილეს

გუდაუთის რაიონის სოფელ მუგუძირხვაში ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატის ოლეგ არშბას ე.წ. საარჩევნო შტაბი გვიან ღამით დაცხრილეს.
როგორც ე.წ. საარჩევნო შტაბში განაცხადეს, მათთვის მომხდარის მიზეზი უცნობია. ამასთან, მომხდარს „საარჩევნო შტაბის წარმომადგენლების დაშინებად“ აფასებენ.
მომხდარს კიდევ ერთი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ალხას კვიწინია გამოეხმაურა და ინციდენტი დაგმო.
„მომხდარს პროვოკაციად ვაფასებთ, რომელიც მიმართულია არჩევნების წინ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისკენ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მომხდარი გამოიძიოს, უზრუნველყოს წესრიგი და მშვიდ გარემოში არჩევნების გამართვის პირობა შექმნას“, – განაცხადა კვიწინიამ.
აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს ე.წ. სახალხო კრების დეპუტატი, ოპოზიციურ ძალთა ბლოკის თანათავმჯდომარე – ასლან ბჟანია, მძიმე მდგომარეობაში მყოფი, საავადმყოფოში მოათავსეს.
22 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრმა ვალერი ბგანბამ ბჟანიას მოსკოვში მკურნალობის უზრუნველყოფის დავალება ე.წ.საგარეო უწყების ხელმძღვანელს მისცა.
ბჟანიას ოჯახმა ექსპერტიზაზე გერმანიის ლაბორატორიას მიმართა, რომლის დასკვნით ბჟანია მოწამლეს.
მსგავსი სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებაში ბჟანიას დაცვის ორი წევრიც იქნა გადაყვანილი. ბჟანია მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას პოტენციურ კონკურენტად მოიაზრებოდა, რომელსაც გამარჯვების ძალიან დიდი შანსი ჰქონდა.
2014 წლის 24 აგვისტოს აფხაზეთში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ასლან ბჟანიას საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ მაშინ 50,57%, ხოლო ბჟანიამ 35,91% მოიპოვა.
ოკუპირებულ აფხაზეთში მორიგი ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა, ბჟანიას მდგომარეობისა და იმ პროტესტის გამო, რომელიც მის მოწამვლას მოჰყვა, ე.წ. არჩევნების ჩატარება 25 აგვისტოს გადაწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები