რა კავშირი აქვს ყარაბაღის კონფლიქტს დავით გარეჯთან – რა შედეგს დადებს საქართველო აზერბაიჯანის დემილიტაცია-დემარკაციის კომისია

მიმდინარე წლის 19 აგვისტოს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და შეუთანხმებელ მონაკვეთებთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს.
დაიგეგმა საველე სამუშაოები – ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება.
არსებული ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საერთო სიგრძე, დაახლოებით, 450 კილომეტრია და მისი დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, შეთანხმებულია. თუმცა, არის 15 მონაკვეთი, რომელზეც შეთანხმება არ არსებობს. განსაკუთრებით პრობლემურია საზღვრის ის მონაკვეთი, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია განთავსებული.
სპეციალისტებისა და ისტორიკოსების შეფასებით, პრობლემა სათავეს 1921 წლიდან იღებს. საქართველოსა და აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ, ქვემო ყარაიის ველი აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში შევიდა. შედეგად, დავით გარეჯის კომპლექსის 16 მონასტრიდან სამი (ბერთუბანი, უდაბნო და ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩნდა.
მას შემდეგ, რაც საქართველომ და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა აღიდგინეს, მხარეებს პრობლემის მოგვარების არაერთი მცდელობა ჰქონდათ, თუმცა – უშედეგოდ. ვითარება განსაკუთრებით 2007 წელს გამწვავდა, როცა ადგილობრივმა ბერებმა ჩიჩხიტურის კოშკის აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს და პასუხად აზერბაიჯანულმა მხარემ იქ მისასვლელი გზები ჩაკეტა. მსგავსი ინციდენტი მეორედ 2012 წელს დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია. თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემილიტაცია-დემარკაციის დაჩქარების სურვილი გამოთქვა.
ვიზიტის დასრულებიდან მალევე, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზა კიდევ ერთხელ ჩაკეტეს, რასაც საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ამ ყველაფერზე მწვავე რეაქცია ჰქონდათ აზერბაიჯანშიც. აზერბაიჯანული საზოგადოებისა და ოფიციოზის დიდი ნაწილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ალბანური კულტურის ძეგლად განიხილავს და მიაჩნია, რომ საქართველოს პრეტენზიები მასზე უსაფუძვლოა.
არსებული სტატუს კვოს პირობებში, საქართველოს ხელისუფლება ყველა დაინტერესებულ მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია.
საქართველოს ხელისუფლების განმარტებით, სწორედ ამ მოლაპარაკებების ნაწილია ის შეხვედრაც, რომელიც 19 აგვისტოს გაიმართა.
რა პერსპექტივა აქვს ამ მოლაპარაკებებს?
„სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის“ ხელმძღვანელი, მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ დემილიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობა დროში გაიწელება და ახლო მომავალში რაიმე ხელშესახები კომპრომისი აზერბაიჯანული მხარისგან მოსალოდნელი არ არის. კონფლიქტოლოგის განმარტებით, აზერბაიჯანული მხარისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმ იდეას, რომ დავით გარეჯი ალბანური კულტურის ძეგლია და მასზე უარის თქმა აზერბაიჯანს ამ ეტაპზე არ შეუძლია. არეშიძე მიზეზად დიდ პოლიტიკას, კერძოდ, სომხურ-აზერბაიჯანულ დაპირისპირებასა და ყარაბაღის კონფლიქტს ასახელებს. როგორც არეშიძე განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი კომპრომისზე წავა და იტყვის, რომ დავით გარეჯი ალბანური კულტურის ძეგლი არაა, მაშინ იმავეს გაკეთება მოუწევს ყარაბაღშიც, სადაც თითქმის ყველა ქრისტიანული ძეგლი აზერბაიჯანულ მხარეს ალბანური კულტურის ნაწილად აქვს გამოცხადებული.
„საქართველოსთან კომპრომისის შემთხვევაში, იდეას, რომ ყარაბაღში არსებული კულტურული ძეგლები ალბანურია და არა – სომხური, წყალი შეუდგება. მე მინდა, რომ ობიექტური სურათი დაინახოს ქართულმა საზოგადოებამ“, – აცხადებს არეშიძე.
მისი თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, ბერთუბნის, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის გაცვლა სხვა ტერიტორიებში შეუძლებლად მოჩანს. თუმცა, როგორც არეშიძე მის ხელთ არსებულ კულუარულ ინფორმაციებზე დაყრდნობით აცხადებს, გარკვეული დადებითი შედეგები კომისიის მუშაობას ქართული მხარისთვის მაინც ექნება. არეშიძე დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შედეგად სხვა სადავო ტერიტორიების საკითხი შესაძლოა, ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები