„როსავიაციის“ წარმომადგენლები სოხუმში რუსეთ-აფხაზეთს შორის ფრენების განახლების საკითხს განიხილავენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მინისტრთა კაბინეტში „როსავიაციის“ წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ. მთავარი განსახილველი საკითხია რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.
როგორც დე ფაქტო პრემიერმინისტრმა, ვალერი ბგანბამ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ ამოცანების შესრულების გზების განსაზღვრა, რომელიც „ჩვენი ქვეყნების ლიდერებმა სოჭში, სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით დასახეს და რომელიც აეროპორტის მუშაობის სამართლებრივ უზრუნველყოფას შეეხებოდა.
თავის მხრივ, „როსავიაციის“ ხელმძღვანლის მოადგილე ოლეგ სტარჩევოიმ განაცხადა, რომ ტექნიკური კომისიის მიზანია, ნახოს, თუ რას წარმოადგენს დღეს აეროპორტი, ასევე, მოხდეს განსაზღვრა იმ მიმართულების, რომლის შედეგადაც მოხდება ავიამიმოსვლის აღდგენა.
26 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის სხდომა ჩატარდა, რომლის შედეგად გაირკვა, რომ დე ფაქტო მთავრობა დაბა ბაბუშერაში მდებარე აეროპორტიდან „საერთაშორისო ფრენების“ განხორციელებას გეგმავს.
დე ფაქტო მთავრობამ დადგენილებაც მიიღო, რომლის მიხედვითაც 1-ელ ნოემბრამდე უნდა მოხდეს ე.წ. რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენების მიზნით ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების მომზადება.
გეგმის თანახმად, სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაციაში მიღება მოხდება, საიდანაც რეგულარული „საერთაშორისო საჰაერო“ გადაზიდვები და ფრენები განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ სოხუმს ფრენების განხორციელებისთვის სპეციალური კოდი სჭირდება, რომელიც მას სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO -მ 1993 წელს მოუხსნა, რადგან საქართველოს ერთიანობას ცნობს. იკაო-ს კოდის აღდგენისთვის კი სოხუმს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზაციაში შუამდგომლობა დასჭირდება.
თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო მთავრობას როსტოვის ოლქის საჰაერო სივრცეში მიბმა და მათი URAS-ის ოთხასოანი კოდის მიღება სურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები