ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს, პირველად, გერმანელი და ჩინელი დამკვირვებლები დააკვირდებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე 60-მდე დამკვირვებელი ჩავა.
როგორც ე.წ. ცესკო-ს თავმჯდომარე ელენა ლაბახუამ განაცხადა, „დამკვირვებლები“ იქნებიან უკრაინის თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, დნესტრისპირეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და რუსეთიდან.
ამასთან, პირველად, დამკვირვებლების რანგში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩინეთისა და გერმანიის წარმომადგენლები იქნებიან.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდება.
ოკუპირებული რესპუბლიკის გარდა, საარჩევნო უბნები გაიხსნება მოსკოვში, ჩერქეზეთსა და სტამბოლში.
ე.წ. კონსტიტუციის თანახმად, დე ფაქტო პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად მხოლოდ ორჯერ აირჩევა. ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტთან ერთად ე.წ. ვიცეპრეზიდენტიც აირჩევა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტობის 10 კანდიდატი იყო, თუმცა 20 აგვისტოს ერთით ნაკლები გახდა, რადგან ე.წ. ცესკო-მ ასტამურ ოტირბას რეგისტრაცია გაუუქმა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ოტირბას ე.წ. ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა – დავით დარსანიამ რამდენიმე დღის წინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ოტირბას კი დადგენილ ვადაში შემცვლელი უნდა დაესახელებინა, თუმცა ეს ვერ შეძლო.
ამრიგად, დარჩენილია 9 ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ესენია: მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ალხას კვიწინია, ოლეგ არშბა, ასტამურ ტარბა, ალმას ჯოპუა, ლეონიდ ძაფშბა, შამილ აძინბა, ასტამურ კაკალია და არტურ ანქვაბი.
ე.წ. ცესკო-ში განაცხადეს, რომ „არჩევნებში“ 117 ათასამდე ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები