რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია სოფელ აიბღადან დაიწყო – სადავო საკითხის ისტორია

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე მდებარე სოფელი აიბღა რუსეთ-საქართველოს სადავო ტერიტორიას წარმოადგენს. სოფელი მდინარე ფსოუს ორივე ნაპირზე მდებარეობს და სახელმწიფო საზღვრით ორ ნაწილად იყოფა – მარჯვენა მხარე ეკუთვნის რუსეთს, კერძოდ – კრასნოდარის მხარის სოჭის რაიონს, ხოლო მარცხენა მხარე — საქართველოს.
თავის დროზე, საზღვრის დელიმიტაციის რუსულ-ქართული კომისიის სხდომებზე რუსეთმა საკითხი დააყენა, რომ მარცხენა ნაპირზე მდებარე სოფლის ნაწილიც რუსეთისთვის ყოფილიყო მიკუთვნებული, თუმცა ქართულმა მხარემ მაშინ მტკიცე უარი განაცხადა.
დღეს კი ხდება ცნობილი, რომ რუსეთმა რეესტრში სოფელი საკუთარ ტერიტორიად ჩაწერა.
როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ პაპასქირი „კვირასთან“ საუბარში ამბობს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საკითხის გამწვავება მოხდა.
მისი თქმით, პირველად ეს პრობლემა 2011 წლის გაზაფხულზე წამოიჭრა. ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ სოფელი, რეალურად, დიდი ხანია, რუსეთის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაშია, თუმცა საკითხი ფორმალურად დღემდე გადაუჭრელია.
პაპასქირი აღნიშნავს, რომ სოფელი მთლიანად რუსებით არის დასახლებული.
„2011 წელს მოხდა საკითხის პირველი გამწვავება. მაშინ აფხაზეთის იმჟამინდელ ე.წ. მმართველ რეჟიმთან დაახლოებულ პოლიტიკოსებიც კი აფიქსირებდნენ კრიტიკულ დამოკიდებულებას, მათ შორის „პარლამენტის“ ვიცესპიკერი, ირინე აგრბა იყო. გაცილებით უფრო კატეგორიული იყო მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი – ამჟამად აფხაზეთის თვითგამოცხდებული რესპუბლიკის ე.წ. პირველი პირი, რაულ ხაჯიმბა, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის, უპირობოდ იქნება შეფასებული ჩვენი საზოგადოების მიერ, როგორც ანტიკონსტიტუციური, ანტიაფხაზური ქმედება; აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგებით“, – აცხადებს პაპასქირი.
მისი თქმით, მაშინ, მოსალოდნელი გართულებების შიშით, რუსულმა მხარემ გამწვავებისგან თავი შეიკავა და მოლაპარაკებები „ხანგრძლივი დიალოგის“ რეჟიმში გადაიყვანა.
„სოფელი აიბღას კუთვნილების საკითხი კვლავ აქტუალური 2014 წლის ნოემბერში გახდა, როდესაც რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის გუბერნატორი – ალექსანდრე ტკაჩოვი და სოჭის ქალაქის თავი – ანატოლი პახომოვი „საინსპექციო ვიზიტით“ აიბღის მარჯვენა მხარეს ესტუმრნენ და ადგილობრივ მოსახლეობას კრასნოდარის მხარისა და სოჭის ადმინისტრაციიის გეგმები გააცნეს. მათი განმარტებით, უნდა მომხდარიყო სოჭში შემავალი დასახლების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარება. ამ ფაქტმა, როგორც მოსალოდნელი იყო, გააღიზიანა აფხაზური მხარე.
2014 წლის 21 ნოემბერს ოპერატიულად მოწვეულ იქნა ადგილობრივი „პარლამენტის“ – აფხაზეთის სახალხო კრების საგანგებო სხდომა, რომელმაც მიიღო სპეციალური დადგენილება. მასში კრასნოდარის მხარის მაღალჩინოსნების ვოიაჟი აიბღას მარჯვენა სანაპიროზე და იქ გაკეთებული განცხადებები ოფიციალურად იქნა შეფასებული, როგორც „აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ირგვლივ“ ადრე მიღებული შეთანხმებების უხეშ დარღვევად, „უსაფუძვლოდ და მიუღებლად“. გარდა ამისა, დადგენილებით, „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს“ – ზურაბ მარღანიას „სოფელ აიბღას მიდამოებში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე კონტროლის გაძლიერება“ დაევალა“, – აღნიშნა ზურაბ პაპასქირმა.
სოფელ აიბღასთან დაკავშირებულ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის საკადასტრო დოკუმენტებში აიბღა, როგორც რუსეთის ტერიტორია, ჯერ კიდევ 2002, შემდგომ კი 2009 წელს მოხვდა.
რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას – საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელი აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება ისევე, როგორც სხვა მსგავსი ნაბიჯები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ანექსიის პროცესისა და სხვა უკანონო მოქმედებების გაგრძელებას. არსებობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და მათი უპატივცემულობა რუსეთის მიერ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი მონაკვეთების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი ოკუპაციის პირობებში ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე, რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ნებისმიერ შეთანხმებას არანაირი იურიდიული ძალა აქვს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები