სომხეთში დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ჩადის – უკავშირდება თუ არა პატრუშევის ვიზიტი ფაშინიანის განცხადებას?

ერევანში დღეს, ორდღიანი ვიზიტით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ჩავა. ვიზიტის ფარგლებში ის ერევანში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს გამართავს.
უკავშირდება თუ არა პატრუშევის ვიზიტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომელიც მან 5 აგვისტოს მთიან ყარაბაღში გააკეთა, ჯერჯერობით უცნობია.
სტეპანაკერთში ყოფნის დროს, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევნის დიპლომატიის საბოლოო მიზანია, ორი „სომეხი რესპუბლიკის გაერთიანებაა“. ამასთან, მისი თქმით, კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, უნდა იყოს მიღებული სომხეთის და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის მხარდაჭერის ფონზე.
ფაშინიანის განცხადებას მალევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის განყოფილების უფროსი ჰიკმეთ გაჯიევი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „მთიანი ყარაბაღი – აზერბაიჯანია“.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება მორიგი ღია დემონსტრირებაა იმის, რომ სომხეთის საბოლოო მიზანს ოკუპაცია წარმოადგენს. აღნიშნული მოწოდებები შეიძლება შეფასდეს, როგორც უპასუხისმგებლობა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ უპატივცემულობა“,-აღნიშნა გაჯიევმა.
9 აგვისტოს კი, ფაშინიანის განცხადებას რუსეთის საგარეო უწყებაშიც გამოეხმაურნენ. როგორც სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსი აზერბაიჯანისა და სომხეთს შორს მოლაპარაკების შედეგად უნდა განისაზღვროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები