ლევან მაჭავარიანი – სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: რაც უფრო მეტი დეპუტატი, თუ ქვეყანა ისაუბრებს ამაზე, მათთვისვეა კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად გაინადგურებენ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი
გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ინფორმაციას, რომ სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.
მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი ცირკი.
„ერთის მხრივ, ვიხილეთ რადიკალური, ოპოზიციური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თითქოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილება იყო. ეს არის მხოლოდ სამი ევროპარლამენტარის [ინიციატივა] და ისიც პოლონეთიდან. პოლონეთის დამოკიდებულება ძალიან კარგად ვიცით. როდესაც აამუშავეს მოსკოვის მექანიზმი, პოლონეთი იყო ამის სულის ჩამდგმელი. აღმოჩნდა, რომ ის ექსპერტი, რომელიც დაიქირავეს, იყო პირდაპირ მიკერძოებული, ვინაიდან მუშაობს მათ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, საბავშვო ბაღი, ამის არავის სჯერა და რაც უფრო მეტი დეპუტატი, თუ ქვეყანა ისაუბრებს ამაზე, მათთვისვეა კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად გაინადგურებენ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.