რუსეთმა ნორვეგიის საზღვართან სარაკეტო სისტემა – „ბალ“-ი განათავსა
რუსეთმა, ნორვეგიის საზღვრიდან 35 კილომეტრის დაშორებით, სრედნის ნახევარკუნძულზე სანაპირო სარაკეტო სისტემა – „ბალ“-ი განათავსა.
ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფლოტის დივიზიონის პირადი შემადგენლობა კომპლექსს ცეცხლის განხორციელებისთვის მოამზადებს, ასევე, სარაკეტო დარტყმების განხორციელების სწავლებას გამართავს.
რუსი სამხედროები „ბალ“-ის სისტემით პირველ სარაკეტო სროლებს შემოდგომაზე გამართავენ.
„ბალ“-ის განთავსების ადგილიდან ნორვეგიის ქალაქ კირკენესამდე, სულ რაღაც, 65 კილომეტრია მაშინ, როდესაც აღნიშნულ სარაკეტო სისტემას სამიზნეს განადგურება 150 კილომეტრის რადიუსში შეუძლია.
გარდა ამისა, კარგი ამინდის პირობებში ნახევარკუნძულიდან ქალაქი ვერდეც მოჩანს, სადაც რადიოლოკაციური სისტემები – Globus-ი არის განთავსებული.
აღნიშნული რადარები ნორვეგიასა და რუსეთს შორის უთანხმოების საგანს წარმოადგენდა.
მაისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებდა და ტერიტორიაზე გაცილებით უფრო თანამედროვე რადარებს განათავსებდა.