საპატრიარქო: კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხვალ სინოდის სხდომა გაიმართება
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხვალ სინოდის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, სინოდის სხდომის შემდეგ გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე.
სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია პატრიარქის მოსაყდრე შიომ მედიასთან ოფიციალურად დაადასტურა. საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.