თეა წულუკიანი: გისამძიმრებთ ყველას! ისღა დაგვრჩენია, ერის მამის წასვლის შედეგად თითოეულ ქართველზე დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობებს თვალი ღირსეულად და დინჯად გავუსწოროთ, მისი სახელი არ შევარცხვინოთ
ვუსამძიმრებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ეკლესიას თავსდატეხილ უბედურებასა და განსაცდელს… გისამძიმრებთ ყველას!, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„ისღა დაგვრჩენია, ერის მამის წასვლის შედეგად თითოეულ ქართველზე დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობებს თვალი ღირსეულად და დინჯად გავუსწოროთ, მისი სახელი არ შევარცხვინოთ და დიდი პატრიარქის საქმე და ხსოვნა წმინდად შევუნახოთ მომავალ თაობებს. სხვაგვარად არც გვეკადრება. მტერიც გვიყურებს და მოყვარეც… დიდია ინტერესი იმის თაობაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ მის გარეშე. ვიქნებით ისევ, თუ არ ვიქნებით. აუცილებლად ვიქნებით და ვიქნებით ისე, როგორც გვიბარებდა კიდეც!
მადლობა, ძვირფასო უწმიდესო, ყველაფრისთვის! უსხივო დღე გათენდა და უარესად დაღამდა!“ – წერს თეა წულუკიანი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია პატრიარქის მოსაყდრე შიომ მედიასთან ოფიციალურად დაადასტურა. საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.