„თუ მოვინდომებთ, იმაზე ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია სამყაროსთვის, ვიდრე ჩვენ გვგონია“ – ნუცა ბლუაშვილი, „ბუდეს“ ფიგურები და წარმატების საიდუმლო

თბილისში, მხატვრის ოჯახში, დაიბადა. სამხატვრო აკადემია მოდის დიზაინის განხრით დაამთავრა. მაგრამ ისე მოხდა, რომ ნაკეთობების დამზადებამ გაიტაცა და მალე გვერდი „ბუდე“ გახსნა, პერსონიფიცირებული თოჯინებით.
ყველა თოჯინა 25 სანტიმეტრამდეა, ფიგურები კი მომხმარებლის სასურველი დეტალებით იქმნება. ჩვენი წარმატების საიდუმლო ის არის, რომ ჩვენი ფიგურა შეიძლება აჩუქო ნებისმიერ ადამიანს. – ნუცა ბლუაშვილის პერსონა.

– დავიბადე 1992 წელს თბილისში, მხატვრების ოჯახში. ორივე მშობელი ფერმწერი მყავს, ასევე ჩემი და და დეიდა, დეიდაშვილი მოქანდაკე. დიდი ბაბუა ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მოღვაწე იყო, 4 ძმა აგლაძეებიდან ერთ-ერთ (იაკინთე აგლაძე). თავიდან მეც ქანდაკებაზე ჩაბარებას ვფიქრობდი, მერაბ ბერძენიშვილის მოსწავლე ვიყავი სტუდია „მუზაში“, მაგრამ აკადემიაში ჩაბარებისას რატომღაც სპონტანურად მოდის დიზაინი გადავწყვიტე.
მოდაში ჩემი მოღვაწეობა იქვე დასრულდა, სადაც დაიწყო, პირველივე ფეხსაცმლის კოლექცია მომპარეს და მასობრივ წარმოებაში ჩაუშვეს (ფეხსაცმლის საამქროში, სადაც შევუკვეთე დასამზადებლად, იმ ქალბატონმა მოიმოქმედა). ამ ფაქტით გულაცრუებული საერთოდ შევეშვი მოდის სამყაროს და გადავწყვიტე ჩემს მეორე ნახევართან (გიორგი ჩოფლიანი) ერთად დამეწყო საერთო საქმიანობა ნაკეთობების სახით.
– „ბუდე“ პანდემიის შემდეგ შეიქმნა, უკვე პერსონიფიცირებული თოჯინებით…  
ბუდე / Bude შეიქმნა 2015 წელს, პირველი მაღაზია გავხსენით ვერაზე, ბარნოვის ქუჩაზე, ჩვენივე ხელით შევქმენით ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, დანადგარების შეძენაში კი გრანტი დაგვეხმარა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ესტონელებს. მაღაზია იყო მრავალფუნქციური, თავის თავშივე მოიაზრებდა სახელოსნოს. ბუდეში გვქონდა ბევრი სხვადასხვა მიმართულება – როგორც ჩანთები და აქსესუარები ასევე სახლის დეკორი. იქიდან გამომდინარე, რომ  ხატვა, ძერწვა, კერვა და კონსტრუირება ერთნაირი წარმატებით შემეძლო, ვქმნიდით ბევრი სახეობის ნაწარმს.„ბუდეს“ პირველი ფიგურა მაღაზიის გახსნამდე შევქმენი. შექმნის პროცესი იყო სრულიად სპონტანური – ხელში რა მასალაც მომყვა, იმ მომენტში უცბად ავაწყვე პატარა პიროვნება და მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ასეთ წარმატებას ნახავდნენ ეს პატარა არსებები და 10 წლის მერე ისევ ამ ფიგურებზე ვიმუშავებდი. ვინც სამეგობროში ნახა პირველი ფიგურა, ყველას ძალიან მოეწონა. ამიტომ მაღაზიის გახსნისთვის გავაკეთე ოცი ცალი სხვადასხვა პერსონაჟი. ჩემდა გასაკვირად, პირველივე დღეს ყველა ფიგურა გაიყიდა. აქედან დაახლოებით ორი თვის შემდეგ უკვე შეიქმნა პერსონალიზებული ფიგურები, რომლებსაც მომხმარებლისთვის სასურველ დეტალებს ვარგებდით ჩვენს პერსონაჟებს.
მაშინ მსგავსი სერვისი არც ჩვენთან და, რამდენადაც ვიცი, არც საზღვარგარეთ არ არსებობდა. ერთი სიტყვით, ჩვენი ფიგურები მალევე გახდნენ ჩვენივე სავიზიტო ბარათი.
2016 წელს დავასაქმეთ პირველი თანამშრომელი (მადლობას ვუხდი ანუკას, „ბუდეს“ წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის), ასევე წარმოების პროცესში ჩაერთო ჩემი დაც. მალევე გავხსენით მეორე ფილიალი, თუმცა პანდემიის შემდეგ სრულიად გადავედით ონლაინ მუშაობაზე, რაც ჩემთვის ბევრად მოხერხებული და მოგებიანიც გამოდგა.– ყველა თოჯინა 25 სანტიმეტრამდეა. როგორ იქმნება ეს თოჯინები?
– ჩვენი ფიგურები იქმნება სრულიად მომხმარებლის სასურველი დეტალებით – თმა, სამოსი, ნივთები, მოქმედება და ა.შ. მას შემდეგ, რაც ყველა მახასიათებელს მომწერენ, მე ფანქარში უცბად ვაკეთებ ესკიზს და მომხმარებლის დასტურის შემდეგ ვიწყებ მუშაობას. მართალია, პირველი ფიგურის შემდეგ სრულიად განვითარდა და დაიხვეწა ჩვენი ფიგურები, მაგრამ ყველაზე დამახასიათებელი რაც იყო, ხის ბურთულაზე წყვილი მეწაღის ლურსმანი თვალების სახით, ეს დავტოვეთ.
–  თუ გეგმავთ წარმოების გაზრდას და  რაზეა ეს დამოკიდებული?
– სახელოსნოში დასაქმებული გვყავდა დამატებით 4 ადამიანი, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩემი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი გვერდით ყოფნა და მივიღე რთული გადაწყვეტილება – სრულიად დამეხურა სახელოსნო და მინიმალური რაოდენობის შეკვეთები თავად მეკეთებინა სახლიდან. უკვე მეოთხე წელია ასე ვმუშაობ.  ჩემი უმცროსი შვილი სკოლაში მომავალ წელს მიდის და ვფიქრობ, ისევ შემიძლია გაფართოებაზე ფიქრი. ასევე, ძალიან მინდა ჩემი ცოდნა გავუზიარო პატარებს და, წარმოების პარალელურად, სიამოვნებით ჩავერთვები ამ პროცესშიც.–  უმეტესად რომელ თოჯინებს გიკვეთენ?
– ჩვენი წარმატების საიდუმლო ის არის, რომ ჩვენი ფიგურა შეიძლება აჩუქო ნებისმიერ ადამიანს. მაგალითად, რომ გითხრათ, ჩვენს ფიგურებს ხშირად ჩუქნის კოლექტივი თავის უფროსს, წყვილები ერთმანეთს… დაბადების დღის საჩუქრად დამზადებული გვაქვს 1 წლიდან 94 წლის ადრესატისთვისაც კი, „სეკრეტ სანტაზე“ ძალიან მოთხოვნადია, როდესაც მომხმარებელი არც კი იცნობს ადრესატს და არ იცის მისი ინტერესები… ერთი სიტყვით, თუ არსებობს სადმე უნივერსალური საჩუქარი, ალბათ ეს არის, რომელიც შეგიძლია აჩუქო ნებისმიერი ასაკის ადამიანს, განურჩევლად საქმიანობისა.
– ერთი თოჯინის  ისტორია…
– ყველაზე სასაცილო ისტორია რაც მახსენდება, ერთხელ შემიკვეთეს ექიმის ფიგურა. ფოტო არ გამოუგზავნიათ, ისე ამიხსნეს ჩაცმულობა, ვარცხნილობა და დეტალები. მალევე გაირკვა, რომ თურმე ჩემი საუკეთესო მეგობარი დამიმზადებია ისე, რომ ვერც გავიგე.– ჰობი…
– ისე გამოვიდა, რომ ჩემი ჰობი იქცა ჩემს სამსახურად. ჩემი და ხშირად მეხუმრება ხოლმე, შენს გამოგონილ სამსახურში მუშაობო.
ისე კი… თავისუფალ დროს მიყვარს განტვირთვა ბუნებაში, ახალი კერძების მომზადება და კოლექტიური დაგემოვნება. ძალიან მიყვარს წიგნები, რომლისთვისაც იმდენი დრო არ მრჩება, რამდენსაც ვისურვებდი. ფიზიკური აქტივობაც, მაგალითად, იოგა ძალიან მეხმარება განტვირთვაში.
–   პრობლემები?
– ყველაზე დიდი პრობლემა, რა თქმა უნდა, ის არის, რომ მოთხოვნა ფიგურებზე დიდია, მე კი შეზღუდული რაოდენობით ვამზადებ.– ოჯახის მხარში დგომა მნიშვნელოვანია….
– ოჯახი ყველანაირად მიდგას გვერდში, დედაჩემი რომ არა, დღეს „ბუდე“ ვერც იარსებებდა, იმდენად მეხმარება. ჩემი მეუღლე პროფესიით კინოოპერატორია, მას მერე, რაც „ბუდე“ მყარად დადგა ფეხზე, ის სრულიად გადაერთო თავის საქმიანობაში. გვყავს ორი უსაყვარლესი შვილი – ნინა და გეგა.
–  ვიცი, რომ სამომავლოდ აპირებთ წარმოების გაზრდას…
– ძალიან მინდა მოვახერხო და მივაღწიო, რომ მქონდეს დიდი საწარმო, სადაც დასაქმდება ბევრი ადამიანი, მათ შორის შშმ პირებიც. სადაც მარტოხელა დედებსაც შეეძლებათ დასაქმება და იქვე მათი პატარებიც მოახერხებენ გართობას.
ხშირად მეფიქრება ამაზე, რისი გაკეთება შემიძლია, რომ ჩემ გარდა სხვა ადამიანებსაც შევუწყო ხელი. ვფიქრობ, თუ მოვინდომებთ, იმაზე ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია სამყაროსთვის, ვიდრე ჩვენ გვგონია. მე ჩემსას შევეცდები და იმედია, ღმერთის წყალობით, გამომივა კიდეც…

                     

                                                                                                               თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები