ხვალ რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინს შეხვდება – მესიჯი აფხაზი ამომრჩევლისთვის?
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა 6 აგვისტოს სოჭში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
როგორც ხაჯიმბას ე.წ. ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობისა და რუსეთ-აფხაზეთის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები გაიმართება, რომელშიც მეორე ვადით კენჭს ხაჯიმბაც იყრის.
1-ელ აგვისტოს სოხუმს პუტინის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვიც სტუმრობდა.
ხაჯიმბასთან შეხვედრაზე 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის რეალიზების საკითხები განიხილებოდა. პროგრამა ე.წ. რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ასევე, მოხდა 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის პარამეტრების მიმოხილვა.
თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მსგავსი შეხვედრები და ვიზიტები ე.წ. არჩევნების წინ კრემლის ღია მხარდაჭერაზე მიუთითებს.
ასევე, საინტერესოა, განიხილავენ თუ არა ხაჯიმბა და პუტინი სოხუმის აეროპორტიდან „საერთაშორისო ფრენების“განხორციელების სურვილს, რომელსაც ხაჯიმბას ე.წ. მთავრობა გამოთქვამს.