საფრანგეთში ატომურმა ელექტროსადგურმა სიცხის გამო მუშაობა შეაჩერა
ბოლო დღეებში საფრანგეთში გავრცელებული ანომალიური სიცხის გამო, გოლფეშის ატომურმა ელექტროსადგურზმა ელექტროენერგიის გამომუშავება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული გაზეთი Sud Ouest ავრცელებს.
ატომურ ელექტროსადგურს ორი რეაქტორი აქვს 1.3 გვტ სიმძლავრით. პირველი რეაქტორი ტექნიკური მომსახურების მიზნით მარტში გაჩერდა, ხოლო მეორე ორშაბათს, ადგილობრივი დროით 23:45 საათზე „ბუნებრივი შეზღუდვების გამო“ შეჩერდა. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მდინარე გარონაში, საიდანაც რეაქტორების გასაგრილებლად წყალი მოიპოვება, წყლის ტემპერატურა, სავარაუდოდ, 23 ივნისს 28 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რეაქტორების გაგრილების შემდეგ გამოყოფილი წყლის ტემპერატურა ამ მნიშვნელობას არ უნდა აღემატებოდეს.
ივნისის დასაწყისში, საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის ოპერატორმა, EDF-მა, თავის ობიექტებში ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირების შესახებ 16 ივნისიდან მოსალოდნელი სიცხის ტალღების გამო განაცხადა. ქვეყნის მასშტაბით 57 ატომური რეაქტორია. ამინდის პირობების გამო, კომპანია იძულებულია ენერგიის წარმოება ყოველწლიურად საშუალოდ 0.3%-ით შეამციროს, მაგრამ კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, EDF-ის პროგნოზებით, ამ მაჩვენებელმა შეიძლება 2035 წლისთვის 1.4%-ს, ხოლო 2050 წლისთვის 1.5%-ს მიაღწიოს.
სამშაბათის მონაცემებით, საფრანგეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, Météo-France-მა, ქვეყნის ევროპული ნაწილის 96 დეპარტამენტიდან 54-ში, მათ შორის პარიზში, ამინდის ყველაზე მაღალი, განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. გარდა ამისა, მეორე ყველაზე მაღალი, განგაშის ნარინჯისფერი დონე 35 დეპარტამენტშია გამოცხადებული. წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე ქალაქში ტემპერატურის რეკორდები მოიხსნა და BFMTV-ის ცნობით, პარიზში 1947 წლიდან ჩრდილში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 37,6 გრადუსი ცელსიუსით დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ანომალიურად მაღალი ტემპერატურის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით წყლის ობიექტებში დაახლოებით 20 ადამიანი დაიხრჩო, რაც ასევე უკიდურესი სიცხის ეფექტს უკავშირდება.