ირანის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების მიმართ უნდობლობა გამოთქვა

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ირანი შეასრულებს შეერთებულ შტატებთან მემორანდუმით ნაკისრ ვალდებულებებს, თუმცა თეირანი ვაშინგტონს არ ენდობა.

„ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით [აშშ-თან] არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა და არც იქნება. ჩვენ არ ვენდობით აშშ-ს, რადგან მოლაპარაკებების დროს ორჯერ განვახორციელეთ თავდასხმა. ამავდროულად, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვრჩებით დიალოგისა და მშვიდობისთვის“, – აღნიშნა პეზეშკიანმა, რომლის სიტყვებიც მისმა პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

ირანის პრეზიდენტმა ეს განცხადება პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან შეხვედრის დროს გააკეთა, რომლის ქვეყანაც თეირანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგში შუამავლის როლს ასრულებს. პეზეშკიანმა ასევე განაცხადა, რომ თეირანი არ აპირებს „თავის დახრას“ „უკანონო და არაადამიანური“ მოთხოვნების წინაშე.

„ჩვენ ერთგულნი ვართ იმ ვალდებულებების, რასაც ხელი მოვაწერეთ უახლეს შეთანხმებაში. თუ მეორე მხარე შეასრულებს თავის ვალდებულებებს და არ გასცდება შეთანხმებულ ჩარჩოებს, მაშინ ჩვენც ვიმოქმედებთ ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად“, – დასძინა ირანის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები