მილიტარიზაციის ეფექტი საქართველოსა და მსოფლიოში – რა კავშირშია სამხედრო ხარჯები და ეკონომიკა
რა გავლენას ახდენს სამხედრო ხარჯები ეკონომიკის განვითარებაზე? ამ კითხვაზე ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. თუმცა იმის საილუსტრაციოდ, რომ სამხედრო ხარჯი პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის განვითარებასთან, ეკონომისტებს რამოდენიმე მაგალითი მოჰყავთ.
როგორც სპეციალისტების ერთი ნაწილი ამტკიცებს, გასული საუკუნის 30-იან წლებში სწორედ გაზრდილმა სამხედრო ხარჯებმა გამოიყვანა აშშ-ის ეკონომიკა დიდი დეპრესიიდან.
დაახლოებით იგივე შეიძლება, ითქვას ფაშისტურ გერმანიაზეც. სპეციალისტების შეფასებით, სწორედ გაზრდილი სამხედრო ხარჯები და სამხედრო სამრეწველო კომპლექსი გახდა გერმანიის მაშინდელი ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი. ნაწილობრივ, მზარდ სამხედრო ხარჯებს უკავშირებენ სპეციალისტები აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეკონომიკურ მიღწევებსაც. როგორც the wall street journal -ის ეკონომიკური მიმომხილველები წერენ, 2017 წელს აშშ-ს ეკონომიკის 2.9% ზრდაში გარკვეული წვლილი სამხედრო ხარჯების ზრდამაც შეიტანა. როგორც აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ანალიზშია მითითებული, სამხედრო ხარჯებით მიღებული ეფექტი მთლიან ეკონომიკურ ზრდაში 0,31 პროცენტულ პუნქტს აჭარბებს.
ახალი სამუშაო ადგილები, ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე ტექნოლოგიებს განვითარება -სპეციალისტების შეფასებით ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია სამხედრო ხარჯებთან. თუმცა საჭიროა გარკვეული ბალანსის დაცვა და ფინანსური რესურსის სწორად განაწილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რაც საბჭოთა კავშირს დაემართა. მათი თქმით, სწორედ გამალებული შეიარაღება და მზარდი სამხედრო ხარჯები გახდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკური კოლაფსის მიზეზი.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის ინსტიტუტის ( SIPRI ) მონაცემებით, 2018 წელს გაწეულმა სამხედრო ხარჯებმა მსოფლიოში 1.822 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და გლობალური მშპ-ს 2.1% შეადგინა.
როგორც SIPRI-ის ბოლო კვლევებშია მითითებული, გასულ წელს ყველაზე მსხვილი სამხედრო სამრეწველო კომპლექსების მიერ იარაღის გაყიდვით გამომუშავებულმა თანხამ 398 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. იარაღის ყველაზე მსხვილი 100 კომპანიიდან 42 ამერიკულია. ჯამურად, ამერიკულმა კომპანიებმა 226 მილიარდი დოლარის იარაღი გაყიდეს. პირველ ადგილზე Lockheed Martin-ია, რომელმაც 44.9 მილიარდი გამოიმუშავა. შედარებით ნაკლები გამოიმუშავეს რუსულმა კომპანიებმა, თუმცა ციფრები აქაც შთამბეჭდავია. იარაღის მწარმოებელმა 10 რუსულმა კომპანიამ 37. 7 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაყიდა.
36 %-ით იარაღის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია შეერთებული შტატები. მეორე ადგილზე რუსეთია, რომელიც საექსპორტო ბაზრის 21 პროცენტს აკონტროლებს. საინტერესოა, რომ 2018 წელს 2017 წელთან შედარებით რუსეთის წვდომა ბაზარზე, თითქმის, 6 პროცენტით შემცირდა. იარაღის მსხვილი ექსპორტიორია საფრანგეთიც, რომელიც 6.8%-ით SIPRI-ის რეიტინგში მესამე ადგილზეა.
გასულ წელს იარაღის ყველაზე მსხვილი იმპორტიორ ქვეყანა საუდის არაბეთი იყო. ბოლო ხუთ წელიწადში საუდის არაბეთმა შესყიდვები 192 პროცენტით გაზარდა. ახალი იარაღის 68 პროცენტს ეს ქვეყანა ამერიკისგან ყიდულობს. იარაღის მსხვილი იმპორტიორები არიან ინდოეთი,( 9.5%) ეგვიპტე,( 5.1%) ავსტრალია,(4.6% ) და ალჟირი (4.4%)
მიმდინარე წელს მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, ანუ აშშ-მ თავდაცვის ხარჯები 716 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. მეორე ადგილზე ჩინეთია 230 მილიარდით. 61-დან 46 მილიარდ დოლარამდე შეამცირა თავდაცვის ხარჯები რუსეთმა. ამის მიზეზად რუსეთისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციები სახელდება. სპეციალისტების განმარტებით მილიტარიზაციის უფრო მაღალ მაჩვენებელს რუსეთის ეკონომიკა, უბრალოდ, ვეღარ გაუძლებს. 2019 წლის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ხარჯები მთლიანი ბიუჯეტის 17 %-ს და მშპ-ს 2.9%-ს შეადგენს. 2018 წელს ეს მონაცემები 19.3% და 3.4% იყო.
საინტერესოა რომ ყველაზე მილიტარიზებული ქვეყნების ტოპ-10-შია სომხეთიც. SIPRI-ის კვლევებით გასულ წელს სომხეთის თავდაცვის ხარჯებმა მშპ -ს 4.8 % შეადგინა. მიმდინარე წელს 4.6 %-ით 2 მილიარდ დოლარამდე გაზარდა სამხედრო ხარჯები აზერბაიჯანმა, თუმცა მშპ-სთან მიმართებით მისი მოცულობა 3.95 % -ს არ აღემატება. კიდევ უფრო ნაკლებია ეს მაჩვენებელი საქართველოს შემთხვევაში. მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 870 მილიონი ლარია, რაც მშპ -ს 2% -ს შეადგენს.
რაც შეეხება საქართველოს სამხედრო სამრეწველო კომპლექსს. შეიძლება ითქვას, რომ ის ჯერ მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაშია. ერთგვარი ლოკომოტივის ფუნქციას ამ მიმართულებით სახელმწიფო სამხედრო- სამეცნიერო ცენტრი „დელტა“ ასრულებს. 17-21 თებერვალს აბუ დაბიში სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების რიგით მე-14 გამოფენა IDEX -19 გაიმართა. პოტენციურ მომხმარებელს საშუალება ჰქონდა დელტას მიერ დამზადებული სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ტექნიკა ენახა და შეეფასებინა. ჯერჯერობით, რაიმე მსხვილ კონტრაქტზე საუბარი არაა, თუმცა იმედი, ეს დღეც დადგება და იარაღის ექსპორტიორებს შორის საქართველოც დაიკავებს თავის ნიშას.