ლაშა დარსალია: ჩვენ არა მხოლოდ უნდა გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა, არამედ, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება გაერო-ს ქარტიის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოში გაეროს რეზიდენტ კოორდინატორის ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „გაერო-ს დღე – გაერო-ს ქარტიის მე-80 წლისთავი”,- ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა გაერო-ს უმნიშვნელოვანეს როლზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხებში, რომელიც 80 წლის განმავლობაში, წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემასა და ქარტიის პრინციპებს ეყრდნობა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ორგანიზაციის საქმიანობაზე გლობალური გამოწვევების კოლექტიური მოგვარების მიმართულებით.
„ჩვენ არა მხოლოდ უნდა გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა, არამედ, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება გაეროს ქარტიის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ“ – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ერთად შევქმნათ მომავალი 2030 წლისთვის“.