სააკაშვილის თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს დაიკითხა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს დაიკითხა.

„ზვიგენის საქმე ჩემს წინააღმდეგ დღეს ჩატარდა ჩემი „დაკითხვა“ 4 ოქტომბრის მოვლენებზე, ვითომ მოსამართლესთან ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის „პროკურატურის“ ინიციატივით. 4 ოქტომბერს რუსთაველზე შეიკრიბა ასობით ათასი ადამიანი და სწორედ სახალხო კრებამ დიდწილად განაპირობა ე.წ. ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი. ამ საქმეზე, რომელიც წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანია დაკავებული და ახლა უკვე მე მომადგნენ. უკვე მეხუთე წელია, პატიმრობაში ვარ გამოგონილი ბრალდებებით. რუსული პროვინციული ტირანიის წარმომადგენლებს განვუცხადე, რომ ისინი წარმოადგენენ საქართველოს მტრებს. ისინი მეკითხებოდნენ ჩემს კავშირზე ე.წ. გადატრიალების მცდელობასთან, თუმცა უკვე მეხუთე წელი ვიმყოფები, პრაქტიკულად, სრულ იზოლაციაში, სატელეფონო კავშირის აკრძალვის პირობებში, მუდმივი აუდიო და ვიდეო მეთვალყურეობის და ჩაწერის ქვეშ. ასევე მეკითხებოდნენ ჩემს პოსტებზე, რომლებიც არანაირად არ წარმოადგენდნენ რაიმე ძალადობისკენ მოწოდებას, ვინაიდან მე ისტორიაში ვარ შესული, როგორც მთელს მსოფლიოში განთქმული მშვიდობიანი რევოლუციის ლიდერი და ასევე სათავეში ვედექი დემოკრატიულ მოძრაობას მთელი უკრაინის მასშტაბით. ჩემი ტყვეობა და ნებისმიერი ახალი ბრალდებები არის სწორედ რუსეთის და მათი აქაური დამქაშების შურისძიება წარმატებულ ქართულ რეფორმებზე, ისევე როგორც ჩემი ბრძოლისთვის, საქართველოს და უკრაინის რუსული კლანჭებიდან გადარჩენისთვის.

ჩემი იმიტომ კი არ ეშინიათ, რომ სახალხო კრებაში ვიყავი ჩართული, არამედ იმიტომ, რომ მართლაც ჩართული რომ ვყოფილიყავი, ბევრად მეტი იქნებოდა მიღწეული სრულიად მშვიდობიანად. ეშინიათ, რადგან ისტორიამ მაქცია საქართველოს დამოუკიდებლობისა და წარმატების სიმბოლოდ მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ამიტომ მომწამლეს ციხეში და ამიტომ მისჯიან ახალ-ახალ სასჯელებს. კიდევ იცით, რა იყო ჩემთვის დასმული მთავარი კითხვა, რომლის გარშემო ტრიალებდა დაკითხვა, ოღონდ არ გეგონოთ, რომ ვღადაობ, რას გულისხმობდიო შარშანდელ პოსტში, რომ ხალხმა უნდა გადაიღოს სელფი ივანიშვილის ზვიგენის ფონზეო. დარწმუნებული ვარ, ეს კითხვა პირდაპირ ივანიშვილის დაწერილი იყო. ხვდებით, სად ვართ?! ნახეთ, როგორ უყვარს ეს ზვიგენი, რომ მთელი ე.წ. პროკურატურა ჩემგან ზვიგენის დამცველად გადააქცია და თუ დღევანდლის შემდეგ ვინმე საქართველოში ან საქართველოს გარეთ იტყვის, რომ მე არ ვარ პოლიტიკური პატიმარი, ის მართლა იმსახურებს ივანიშვილის ზვიგენების ახლო გაცნობას. ე.ი. ახლა ჩემ წინააღმდეგ აღიძვრება ახალი საქმე „ივანიშვილის ზვიგენის შევიწროებაზე“. იყო პიჯაკების საქმე, ახლა იწყება ზვიგენების საქმე. საქმეს ერქმევა ალბათ ასე „ივანიშვილის ზვიგენი და პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ“ ვფიქრობ, წერილობითი ბოდიში ხომ არ გავუგზავნო ზვიგენს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები