“სამხრეთ კავკასიის მიმართ არსებული ინტერესები ანკარასა და მოსკოვის ურთიერთობას დაასრულებს” – ექსპერტი
თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობის გაუარესების ფონზე, რაც თურქეთის მიერ რუსული ს-400-ის შეძენამ გამოიწვია, მოსკოვისა და ანკარას თანამშრომლობა, ერთი შეხედვით, კიდევ უფრო ღრმავდება.
მაგალითად, იმ დროს, როდესაც ვაშინგტონმა ანკარა F-15-ის ტიპის გამანადგურებლების პროგრამიდან მოხსნა, რუსეთმა ანკარას სუ-35-ს შესთავაზა, მეტიც, რუსეთი თურქეთთან მოლაპარაკებას მართავს ს-400-ის ერთობლივი წარმოების შესახებ.
თუმცა, მიუხედავად ამ თითქოსდა იდილიური ურთიერთობისა, არსებობს საკითხი, სადაც თურქეთისა და რუსეთის ინტერესები იყოფა – ეს სამხრეთ კავკასიაა, რომელსაც თურქეთი საკუთარი ინტერესების ზონად მიიჩნევს და რუსეთის კონკურენტი რჩება. სწორედ სამხრეთ კავკასია გახდება ის თემა, რომელიც ანკარასა და მოსკოვის ურთიერთობას წერტილს დაუსვამს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის აღმოსავლეთმცოდნეობის აკადემიის დირექტორმა, რუბენ საფრასტიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ანკარას ინტერესები ჯერ კიდევ 90-ან წლებში მკაფიოდ გამოიკვეთა.
„რუსეთი თურქეთისთვის იყო და რჩება სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ, ანკარასა და მოსკოვის დაახლოება დროებით ხასიათს ატარებს“, – აღნიშნავს ექსპერტი.
მისი თქმით, ბოლო დროს აზერბაიჯანის ნახიჩევანში თურქეთის გააქტიურება შემთხვევითი არ ყოფილა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მესამე სამხედრო ბაზის შექმნას ისახავს მიზნად.
„ნახიჩევანში მისი ქმედება – წინამოსამზადებელი სამუშაოებია, რომლებიც ბაზის შექმნას უკავშირდება. იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი ნახიჩევანში პოზიციებს გაამაგრებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ამიერკავკასიაში პოზიციებს გაამაგრებს“, – აღნიშნა საფრასტიანმა.
მისი აზრით, ადრე თუ გვიან ანკარასა და მოსკოვის ურთიერთობა გაფუჭდება, რადგან ორივე ქვეყანას საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ, რაც თურქეთს მისცემს შესაძლებლობას, ნახიჩევანში საკუთარი ბაზა კრემლის რეაქციის შიშის გარეშე განათავსოს.
„ბოლოსდაბოლოს, აღნიშნული ბაზა სომხეთში განლაგებული რუსული ბაზის საპირწონე გახდება. ამასთან, ამიერკავკასიასა და, კერძოდ, სომხეთში რუსეთის პოზიციები ისევ ძლიერია. სომხეთში რუსული ბაზის შენარჩუნებით, მოსკოვს აძლევს შესაძლებლობას, კავკასიაში უპირატესობა შეინარჩუნოს“, – განმარტა ექსპერტმა.