სალომე ზურაბიშვილი: სტრასბურგის სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა აღიარა

დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, ესე იგი ევროპამ, საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ დიდი ნდობა გამოუცხადა ქართული მართლმსაჯულების სისტემას.

„ამ გადაწყვეტილებით მან აღიარა, განხილული საქმის მიმართ, საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა. ამით ნდობა გამოუცხადა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას. ეს ნდობა ძლიერ საფუძველს უქმნის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წამოწყებას და შესაბამისად, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებას. მიღებული გადაწყვეტილებებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ პრინციპს, რომელზეც დგას დემოკრატია და ევროპა: კერძო საკუთრებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობას. როგორც კონსტიტუციით ამ უფლებების დამცველი, მე სრულიად ვიზიარებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთებას და ამ პრინციპების გატარების აუცილებლობას. ასევე მჯერა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ერთერთ მთავარ დემოკრატიულ პრინციპს, საფრთხე არ დაემუქრება“,- აცხადებს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები