CNN პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციების შესახებ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, მათი ინფორმაციით, აქციების დროს 24-მა ყვითელჟილეტიანმა დაკარგა თვალი

“სულ ცოტა 24-მა ყვითელჟილეტიანმა დაკარგა თვალი ძალადობრივ საპროტესტო აქციებში. ახლა ისინი კიდევ უფრო ჩამოყალიბებულნი არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან”, – ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა CNN-ის პარიზის ბიურო სტატიას  საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციების შესახებ. სტატიის ავტორი აქციების 4 მონაწილის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ისინი ჰყვებიან, როგორ მიიღეს თვალის დაზიანებები.
“მარტის თბილი შუადღე იყო. დევიდ ბრეიდენშტეინი ამბობს, რომ უყურებდა, ყვითელ-ჟილეტიანების მოწინააღმდეგეთაგან რამდენიმე უფრო რადიკალმა პირმა როგორ წაუკიდა ცეცხლი ლე ფუკეს (Le Fouquet), რომელიც არა მხოლოდ რესტორნად, არამედ  საფრანგეთის კეთილდღეობისა და ძალაუფლების სიმბოლოდ მიიჩნევა.
როდესაც წითელი ალი ავარდა, ცეცხლისგან თავის დაღწევის იმედით ბრეიდენშტეინი სწრაფად წამოხტა, ამავდროულად, შიშობდა, არ აღმოჩენილიყო იმ ძალადობის შუაგულში, რომლის მიმართაც არანაირ სწრაფვას   განიცდიდა.
რამდენიმე წამის შემდეგ შეჩერდა, სიგარეტს მოუკიდა და, როდესაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პოლიციას უყურებდა, მთელი ძალით შეიგრძნო გოლფის ბურთის ზომის რეზინის ტყვია, რომელიც მარცხენა თვალში მოხვდა.
„ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, ბეტონის ნაჭერი მომხვდა. მიწაზე დავეცი და ვიფიქრე: „თვალი დავკარგე, აღარ მაქვს თვალი“.
მწვავე შეტაკებები საფრანგეთში – საფრანგეთის ქალაქებში დასახიჩრებულთა მხარდაჭერის ჯგუფის – Desarmons-Les-ის თანახმად, ბრეიდენშტეინი ერთ-ერთია მინიმუმ იმ 24 ადამიანთაგან, რომელთაც gilets jaunes-ის, ანუ „ყვითელი ჟილეტების“ 2018 წლის ნოემბერს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებში თვალი დაკარგეს.
გაზზე გადასახადის გაზრდის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გაცილებით ფართომასშტაბიან აქციაში გადაიზარდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელისუფლების წინააღმდეგ. საფრანგეთი გამძვინვარებულმა შეტაკებებმა მოიცვა. პროტესტის მონაწილეები   “მოლოტოვის კოქტეილებს” – ბენზინის ბომბებსა და აგურებს ისროდნენ, პოლიცია კი აგრესიის შესაკავებლად წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
მარტში საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ყვითელ ჟილეტიანთაგან დაშავებულთა რიცხვი 2 200, ხოლო შეტაკებებში დაშავებულ პოლიციელთა რაოდენობა 1500-ს შეადგენდა. სამინისტრო არ აწვდის CNN-ს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო თვალის დაზიანება.
როგორც ბრეიდენშტეინი ამბობს, თვალის ასახელად ორი თვე დასჭირდა. ამბობს, რომ სიბნელეში თავს უკეთ გრძნობდა.
როგორც ორი ბავშვის მამა აცხადებს, ყველაზე მეტად იმას ნანობს, რომ თვალის ტრავმის გამო საპროტესტო გამოსვლებში ვეღარ მიღებს მონაწილეობას. იგი 16 მარტიდან ქუჩაში აღარ გამოდის.
თუმცა, კვირას ბრეიდენშტეინი ორსაათიან მოგზაურობას გეგმავს ტროიდან (ჩრდილოეთ საფრანგეთი) – თავისი სახლიდან პარიზში; მას სურს, დაბრუნდეს იმ ადგილზე, სადაც თვალი დაკარგა; მივიდეს ელისეს მინდვრებზე, გამზირზე, სადაც Le Fouquet-მ კვლავ გაუღო კარი სტუმრებს მას შემდეგ, რაც დაიწვა.
იგი შეუერთდება “ყვითელ ჟილეტებს”, რომლებიც 35-ე კვირაა, მართავენ საპროტესტო აქციებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამბოხის მასშტაბები შემცირდა; თითოეულ შაბათს დედაქალაქში 100-ზე ნაკლები მომიტინგე ჩნდება.
თუმცა, “ყვითელი ჟილეტები” იმედოვნებენ, რომ ამჯერად საკუთარ ხმას მიაწვდენენ ბასტილიის დღეზე – ეროვნულ დღესასწაულზე, როდესაც 1789 წელს ბასტილიის ციხის აღება საფრანგეთის რევოლუციას დაედო საფუძვლად. დღესასწაულის აღსანიშნავად მაკრონს მსოფლიო ლიდერები შეუერთდებიან.
„ბოლოს ხელში ჩამიგდეს“- ასევე, საკვირაო დემონსტრაციაში მონაწილეობას იღებს მოძრაობა „ყვითელი ჟილეტის“ ერთ-ერთი ცნობილი, ამჟამად კი სამუდამოდ ტრავმირებული წევრი – ჯერომ როდრიგესი.
იანვარში როდრიგესი მონაწილეობდა ბასტილიის მოედანზე გამართულ მიტინგში, როდესაც ტრავმა მიიღო. მომიტინგეები კატათაგვობანას ეთამაშებოდნენ პოლიციას, რა დროსაც ჰაერში აგურები და ცრემლმდენი გაზი დაფრინავდა. როდრიგესის მარცხენა ფეხთან დაეცა ნაღმი, ხოლო რეზინის ტყვია მარჯვენა თვალში მოხვდა.
39 წლის მშენებელი მაშინ დაეცა და გაიფიქრა: „მაინც ჩამიგდეს ხელში!“.
როდრიგესს თვალის კაკალზე 17 ნაკერი, ხოლო ქუთუთოზე 4 ნაკერი დაადეს. როდრიგესის თქმით, აღნიშნულის შემდეგ საკმაოდ გაურთულდა ყოველდღიური საქმიანობა.
„მე ხელში უნდა მეჭიროს ჭიქაც და ბოთლიც, როდესაც წყალს ვისხამ“, – სევდიანად აღნიშნავს ის.
„მუდმივად მიწევს კისრის წამოწევა, რათა დავინახო, რა ხდება მარჯვენა მხარეს და ხანდახან ძალიან მაოცებს, თუ რა ჯადოსნურად აღმოცენდებიან ხოლმე ადამიანები ჩემ  გვერდით. ამჟამად, ეს ჩემი ცხოვრებაა“.
კიდევ ერთი დაზარალებული მომიტინგე ოლივიე ფოსტიერია; იგი იძულებული გახდა ატაროს შავი სათვალე, რათა დამალოს მარჯვენა თვალი, რომელიც მან დაკარგა ცრემლმდენი გაზის ღრუბლის დროს თვალის გუგაში მოხვედრილი საარტილერიო ჭურვის ნაწილის მოხვედრის შედეგად.
ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ და პოლიციელმა განაცხადა, რომ იმ დღეს პოლიციამ გამოიყენა გადაჭარბებული ძალა. მისი განცხადებით, ის იყო ჩვეულებრივი მომიტინგე და არა – ხულიგანი ან ანარქისტი ნიღბით ან კაპიუშონით.
ფოსტიერის თქმით, საპროტესტო აქცია თითქმის დასრულებული იყო, როდესაც ცრემლმდენი გაზი და ელექტროშოკური ჭურვები გაუშვეს.
გაერო-მ და ევროპარლამენტმა დაგმეს საფრანგეთის პოლიცია „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციისას გადამეტებული ძალის გამოყენებისათვის.
IGPN – ორგანო, რომელიც იძიებს პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების საქმეს – აწარმოებს 220 გამოძიებას, რომელიც უკავშირდება ფრანგი პოლიციელების მოქმედებებს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა არაერთხელ დაიცვა პოლიციის ქმედებები, თუმცა, ივნისში მან გასცა განკარგულება გადაიხედოს მეთოდები, რომელიც გამოიყენება პოლიციის მხრიდან მომიტინგეების კონტროლის მიზნით.
CNN-ი გამუდმებით რეკავდა და აგზავნიდა ელექტრონულ შეტყობინებებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა მიეღო პასუხი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საკითხთან დაკავშირებით, სამინისტრომ კი კასტანერის მიერ გაკეთებული კომენტარისკენ გადაამისამართა.
„ყველაფერი შეიცვალა“
ფოსტიერის თქმით, ის თავს არიდებს საზოგადოებრივ შეკრებებს და მისთვის გარეთ გასვლა დღე-ღამის ბნელ საათებში უფრო მისაღებია.
„ხალხი გაშტერდება და შენში ხედავს მსხვერპლს ან პრობლემების წყაროს“.
სამი შვილის მამის განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური ტრავმა, ეს ესთეტიკური ტრავმაცაა ამასთან ერთად.
“აღნიშნულმა ფაქტმა დაძაბულობა შეიტანა მეუღლესთან ურთიერთობაში. დღემდე ჩემს ვაჟს არასოდეს უნახავს ჩემი ტირილი. ყველაფერი შეცვლილია, უწინდელს არ ჰგავს“.
გვენდან ლეროი ამბობს: „მივხვდი, რომ მოხდა რაღაც საშინელი, როდესაც ვიგრძენი ცხელი სისხლის მოზღვავება მარცხენა თვალიდან“.
„მე თვალი დავკარგე? თვალი დავკარგე?“ – უყვიროდა ის ექიმებსა და მეგობრებს, რომლებიც მისი დასახმარებლად მოვიდნენ.
მას რამდენიმე კვირა დასჭირდა იმისათვის, რომ შეგუებოდა დაზიანებას, რომელიც რეზინის ტყვიამ მიაყენა. ამჟამად, ის აცხადებს, რომ განიცდის „სიძულვილს“ მთავრობის მიმართ.
„მათ დამასვეს ნიშანი, რომლითაც მომიწევს ცხოვრება“, – აცხადებს 27 წლის ახალგაზრდა.
„მე არ ვნანობ, რომ ვიყავი ყვითელჟილეტიანი, მაგრამ მრცხვენია, რომ პოლიციამ ამგვარი ნიშანი დამადო. ხალხი მცნობს და აკეთებს საკუთარ ვარაუდებს ჩემთან დაკავშირებით“.
ლეროი უმუშევარია და მიიჩნევს, რომ თვალის ეს ტრავმა გამოყენებული იქნება მის წინააღმდეგ სამსახურში მიღებისას.
„საქმე ის არ არის, რა სახის სამუშაოს შევასრულებ, საქმე ისაა, თუ ვინ დამასაქმებს. როგორ ფიქრობთ, დამასაქმებენ ის ბოსები, რომლებიც “ყვითელი ჟილეტების” წინააღმდეგნი არიან? ან დაასაქმებენ ისინი რომელიმე სხვა ახალგაზრდას?“
ოთხივე ზემოაღნიშნულმა პირმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში მთავრობის წინააღმდეგ და ამტკიცებენ, რომ პოლიცია იყენებდა გადამეტებულ ძალას. მთავრობა კი ჯერ დუმს.- წერს CNN-ის ჟურნალისტი, სასკია ვანდოორნი.
სტატიის ლინკი: https://edition-m.cnn.com/2019/07/14/europe/france-bastille-day-injured-yellow-vests-intl/index.html?r=https%3A%2F%2Fapple.news%2FAmRPfeiocQrSUIiESorIY_g

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები