“აფშილებისა და აბაზგებისგან მომავალ ხაზს არაფერი აქვს საერთო აფსუების ქვეყანასთან” – ქართველი პოლიტოლოგი პუტინს პასუხობს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის საქართველოს უახლესი ისტორიის დამახინჯების შემცველ კომენტარს, პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ვრცელი პოსტით ეხმაურება. როგორც ბერიძე სოციალურ ქსელში წერს, ისტორიის გაყალბება, განსაკუთრებით, როცა ის მოდის დიდი ქვეყნის პრეზიდენტისგან, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.
“ოსებს საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იმაზე ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე ტუნისში, სადაც მათმა წინაპრებმა ალანებმა ვანდალებთან ერთად ახალი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში სახელმწიფო შექმნეს და რომსაც კი შეუტიეს. ქართულ მიწა–წყალზე ოსებს პოლიტიკური წარმონაქმნი არასდროს ჰქონიათ.
სანქციებზე უარის თქმა მისასალმებელია და საკვირველიც. კონტექსტის მიუხედავათ, კრემლისგან ეს პოზიტიური სიგნალია. მაგრამ ეს არ ცვლის საქართველოსადმი პუტინის რეჟიმის დამოკიდებულებას. ის ოკუპანტი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერია.
მტრის მოკეთედ ქცევა ძნელი, მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის დაძლევადი ამოცანაა, რა თქმა უნდა, პირდაპირ დიალოგის გზით, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ეს.
ახლა პუტინის ისტორიული რემინესცენციების შესახებ, რომელიც კრემლის ნეოიმპერიული პოლიტიკის ნაწილია. ესეც ფაქტია, რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს იგი ჩვენთვის.
პუტინის ვერსია საქართველოსა და ქართველების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისადმი დამოკიდებულების თაობაზე არის ისტორიის გაყალბება და არამხოლოდ ფაქტების ტენდენციური ინტერპრეტაცია.
და ამას – ქართველების მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დაპყრობის თაობაზე საუბრობს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც თავისი ტერიტორიების 2/3 დაპყრობილი აქვს და ზოგიერთი ხალხისთვის შექმნილი ავტონომია და ფედერაციის სუბიექტობა „ლეღვის ფოთლის“ ფუნქციას არ სცდება. ესეც ვიცით ჩვენ, ქართველებმა და ისიც, „ხალხთა საპყრობილე“ ხალხთათვის ბედნიერი სამოთხე არ გამხდარა.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ესეც უნდა გვახსოვდეს და ისიც გვახსოვს, რომ რუსეთს ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის დადებითი როლიც აქვს შესრულებული – ქართული მიწების დაბრუნება იმპერიისთვის ახალი მიწების მიერთებაც იყო და საქართველოსთან დაბრუნებაც, ქართველი ბურჟუაზიული ერი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა და რუსული საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში იმ საზღვრებში დაფიქსირდა, რომლითაც დღევანდელი ცივილიზებული მსოფლიო გვაღიარებს.
მაგრამ ქვეყნის, ფაქტობრივად, თვითმპყრობელის მიერ ისტორიის გაყალბებაც არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი, რადგან მას შორსმიმავალი ზრახვები ამოძრავებს და რომაული პრინციპის – „დაყავი და იბატონე“ განხორციელებას ისახავს მიზნად.
“აფხაზეთის სამეფოც“ ქართული სახელმწიფო წარმონაქმნი იყო და აფხაზეთის სამთავროც. აფშილებისა და აბაზგებისგან მომავალ კულტურულ–ისტორიულ ხაზსს არაფერი აქვს საერთო XVII საუკუნიდან საქართველოში ჩამოწეული მოდგმის ტომის – აფსუების ქვეყანასთან (აფსნისთან), გარდა ეთნონიმისა აფხაზი, ალან–ოსებს კი არასდროს სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი არ ჰქონიათ საქართველოს ტერიტორიაზე, თუ არ ჩავთვლით დვალეთს (დვალები კი კავკასიური მოდგმის ხალხი იყო, ხოლო დვალეთი ქართული სამეფო–სამთავროების შემადგენლობაში შედიოდა), იმის გათვალისწინებით, რომ ალან–ოსები ირანულ–სარმატული მოდგმის ხალხია. ოსები და მათი წინაპრები, რომლებიც მომთაბარე ტომები იყვნენ და შემდგომაც, რაც ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ თავიანთ ისტორიულ სამკვიდროში – ოსეთში, რომელიც კავკასიონს გადაღმა მდებარეობს, დროდადრო გადმოდიოდნენ კავკასიონზე და ქართველების ძნელბედობისას მათ გარკვეულ ტერიტორიებს იკავებდნენ. ისინი ვახტან გორგასლის მეფობისას დაამარცხეს ქართველებმა, ვახტანგმა თავად გადაიყვანა კავკასიონზე და თავიანთ ისტორიულ სამკვიდროზე დასახლებაში დაეხმარა, მერე გიორგი ბრწყინვალემ გადარეკა კავკასიონს გადაღმა. ოსები მონაწილეობდნენ ქართველების მხარეს ბევრ დიდ ბრძოლაში (დიდგორის ომშიც). ხშირი იყო დინასტიური ქორწინებებიც, მაგრამ საქართველო, მისი მიწა–წყალი, არასდროს ყოფილა ოსების ისტორიული სამკვიდრო.
ისტორია ზუსტი მეცნიერებაა მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტუალები დღემდე დავობენ, რაა იგი – მეცნიერება, ხელოვნება თუ პოლიტიკა. ამა თუ იმ ხალხის ბედს საერთაშორისო თანამეგობრობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ადგენს მიუხედავად იმისა, რომ ერების თვითგამორკვევასა და სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობას შორის კარგა ხანია, დაპირისპირება წარმოიშვა, განსაკუთრებით – კოსოვოს პრეცედენტის შემდეგ. მიიჩნევა, რომ ისტორიის მოშველიება, ისტორიულ ასპექტზე დაყრდნობა ასეთ დროს იმ ლაბირინთში შესვლაა, საიდანაც ვერანაირი „არიადნას ძაფი“ გამოგიყვანს.
მიუხედავად ამისა, ისტორიის გაყალბება, განსაკუთრებით, როცა ის მოდის დიდი ქვეყნის პრეზიდენტისგან, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ჩვენმა პროფესიონალმა ისტორიკოსებმა, რომლებიც ღვთის მადლით გვყვანან, არგუმენტირებულად უნდა წარმოაჩინონ სიმართლე, რომელიც უდავოდ ჩვენ მხარესაა და გააცნონ იგი საზოგადოებას ჩვენს სამეზობლოშიც, ევროპაშიც და თვით რუსეთშიც, რაოდენ ძნელიც უნდა იყოს ეს.
ზედმეტი ჟივილ–ხივილი და ისტერიკა ვერაფერს გვიშველის”, – წერს ვაჟა ბერიძე.