დუმას სათათბირო საბჭოს წევრები გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას ითხოვენ

რუსეთის დუმას სათათბირო საბჭოს წევრები გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ. რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი მიიჩნევს, რომ “პუტინის შეურაცხყოფა მთლიანი რუსეთის შეურაცხყოფას ნიშნავს” და ამის გამო ქართველი წამყვანი რუსული სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.
“აუცილებელია, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირება მოხდეს და რუსეთის სასამართლოს წინაშე წარდგეს. ამაზე იყო საუბარი დუმის საბჭოს სხდომაზე და ყველანი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს წარმომადგენელს, რომელიც თავხედურად მოიქცა და შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს მეთაურს, უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება რუსეთის ტერიტორიაზე, რომ შემდეგ ჩვენმა სასამართლომ გასაზღვროს პასუხისმგებლობის ზომა. შემდეგ უკვე უნდა გადაწყდეს, თუ სად მოიხდის სასჯელს – რუსეთის თუ საქართველოს ტერიტორიაზე”, – განუცხადა ვოლოდინმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, საბჭოს ყველა წევრი თანხმდება, რომ გაბუნიას მონოლოგი სამარცხვინო იყო მთელი რუსეთისა და მისი თითოეული მოქალაქისთვის.
ამასთან, საბჭოს წევრებმა ხელისუფლებას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ემბარგოს დაწესება შესთავაზეს, რაც ქართული პროდუქციის (ღვინისა და წყლის) რუსეთში შეტანისა და ფულადი გზავნილების აკრძალვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები