კახა კალაძე: გუშინ ბოლო პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების რეკორდი მოხსნა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა

“ჩვენ ვამაყობთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ცხადია, ამ პროგრესს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენები ვერ გუობენ და ყველა საშუალებით ცდილობენ სიტუაციის არევას”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, მომხდარის მიუხედავად, კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის.
„ჩვენ გვაქვს შეცდომები განვითარების რთულ გზაზე, ვინაიდან დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კანონმორჩილების დამკვიდრება და ანგარიშვალდებულება ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან სხვადასხვა დესტრუქციულ ძალას უადვილებს ამ პროცესში არეულობის შეტანას.
გუშინ ბოლო პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების რეკორდი მოხსნა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის. ეს არის სწორედ ის, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ. ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ.
ჩვენი – მოქალაქეებისა და ხელისუფლების გამოწვევაა, როგორც ვიცავდით წესრიგსა და გამოხატვის თავისუფლებას ამ ნახევარი თვის განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე, შევინარჩუნოთ ეს მოცემულობა. არ მივცეთ სხვადასხვა მოთხოვნით გამოსულ მომიტინგეებს დაპირისპირების და, რაც მთავარია, კანონდარღვევის საშუალება.
მეგობრებო, ნორმალურ საზოგადოებაში ქვეყნის მოყვარული ადამიანები თავიანთი სიტყვის თავისუფლებას სხვისი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ იცავენ. ნუ გავახარებთ შინაურ თუ გარე მტერს“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები