დავით უსუფაშვილი: „ქართული ოცნება“ შესაცვლელია, მაგრამ არა – „ნაცმოძრაობით“ ან პუტინისტური ძალებით

„ქართული ოცნება“ შესაცვლელია, მაგრამ არა – „ნაციონალური მოძრაობით“  ან პუტინისტური ძალებით”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა – დავით უსუფაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უსუფაშვილი გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყნის მართვას ვერ უმკლავდება.
როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ გუშინ შექმნილ კრიზისს ვერ გაუმკლავდა.
„პირველ ყოვლისა, მინდა, მწუხარება გამოვთქვა იმის გამო, რომ გუშინდელი მოვლენების შედეგად დაშავდა ბევრი მოქალაქე, სამართალდამცველი, დაშავდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო.
გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ოცნება“ შესაცვლელია და რაც შეიძლება სწრაფად, ვინაიდან „ოცნების“ ხელისუფლება ვერ უმკლავდება ქვეყნის მართვას; მან დაუშვა გუშინ ისეთი მოვლენაც კი, რამაც სრულიად საქართველო აღაშფოთა. ეს გააკეთა მისთვის დამახასიათებელი ქაოტურობით, ზედაპირულობით, უუნარობით. შემდეგ მთელი დღის განმავლობაში „ოცნების“ ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა შექმნილ კრიზისს, საზოგადოებას ვერ აუხსნეს, რა მოხდა. ვერც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო ვერავინ. ამან კიდევ ერთხელ გააბრაზა ისედაც სამართლიანად გაბრაზებული მოსახლეობა. ხელისუფლებამ ვერც ის დაინახა, თუ რამდენი ადამიანი იყო შეკრებელი რუსთაველზე, რომ საჭირო იყო ამ ვითარების განმუხტვა სწორედ პოლიტიკური ნაბიჯებით. ამის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომლებიც აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. პრემიერმინისტრი გვეუბნებოდა, რომ რეზინის ტყვიებსა და გაზს „ოცნების“ ხელისუფლება არ იყენებს და ამ დროს ქუჩაში უკვე ისროდნენ რეზინის ტყვიებსა და გაზს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ ძალადობრივი, არაკანონიერი ქმედებების გადაწყვეტილება მიიღო.
„გუშინდელმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ „ოცნება“ შესაცვლელია, მაგრამ არა – „ნაციონალური მოძრაობით“ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს კვლავ წასძლიათ სულმა და ნაცვლად იმისა, რომ ეს საპროტესტო აქცია გამოყენებული ყოფილიყო ხელისუფლებაზე სწორი ზეწოლისა და კონკრეტული შედეგების მიღწევისთვის, მათ მიიღეს არაკანონიერი, ძალადობირივი ქმდებების გადაწყვეტილება, რომლითაც მოახდინეს სახელისუფლებო წრეების კონსოლიდაცია, სახელისფულებო წრეების, რომლებიც იყვნენ ძალიან მძიმე ვითარებაში  მორალური, პოლიტიკური და ყველა თვალსაზრისით, იყვნენ თავის მართლების რეჟიმში.
კორდონების გარღვევა დაუშვებელია – იქნება ეს კომბლებით  თუ უკომბლებოდ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ, რომ ასეთი გზით სწორი შედეგები ვერ მიიღწევა.
გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ უკიდურესად აუცილებელია იმ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალების რაც შეიძლება სწრაფი კონსოლიდაცია, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანა ყველასია – „ნაცებისაც“, „ოცნებისაც“. კომლბებიანისაც, პატრიოტებისაც, ლიბერალებისაც, რომ ჩვენ კონსტიტუციისა და სამართლის ჩარჩოებში უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის მმართველობა და წინსვლა. ამ დღეებში მექნება ძალიან სერიოზული კონსულტაციები იმ ადამიანებთან, ვისთანაც მე და „შენების მოძრაობა “ დიდი ხანია, ვსაუბრობთ იმისთვის, რომ მოხდეს კონსოლიდირება იმ ძალებისა, რომლებიც მიიჩნევენ , რომ „ოცნება“ შესაცვლელია, მაგრამ არა – „ნაციონალური მოძრაობით“   ან პუტინისტური ძალებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე  მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად  სპეცრაზმი გამოიყვანეს. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის ორმა ადამიანმა  თვალი დაკარგა.

აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები