აფხაზეთიდან დევნილები ხვალ თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში შეიკრიბებიან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლისა და აფხაზეთის საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურების აღსანიშნავად, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები, 21 მარტს, 11:00 საათზე თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიკრიბებიან, სადაც ტაძრის წინამძღვარი მამა ლევანი (ჯანაშია) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა აფხაზეთთან. 1967-1977 წლებში იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი იყო, ხოლო 2010 წლიდან ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია უშუალოდ მის დაქვემდებარებაში გადავიდა. 2016 წელს მისი ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები