დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: მე მისი ხელდასხმული ვარ – ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა

“მე მაქვს საკრალური ბედნიერება, მე მისი ხელდასხმული ვარ. ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია დაბადება ფიზიკური და მე ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქზე, როცა საუბრობ გინდა, რომ მოუკლებლად ადიდო ღმერთი და უსაზღვრო მადლიერებით იხსენებდე, რომელმაც ჩვენში, იმ დროინდელ ადამიანებში რწმენა სიტყვით კი არ შემოიტანა მხოლოდ, არამედ გვაჩვენა, დაამოწმა.

„ჩემი პირველი სიტყვა პატრიარქის შესახებ ეს იყო, როდესაც მე სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც ჩვენი სკოლის დამრიგებელმა გვითხრა, რომ აირჩიეს ახალგაზრდა პატრიარქი, რომელიც განსაცვიფრებელი ადამიანი ჩანსო. ეს იყო პირველი, რაც მახსოვს. 1989 წელს 9 აპრილის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც ჩვენში ღვთისმაძიებლობა გარდაისახა და მოხდა ეს მისტიკური სარწმუნოებრივი ნახტომი, როდესაც ჩვენ მივხვდით და ეს მიხვედრა იყო მისტიკური მიხვედრა და არა ინტელექტუალური, როდესაც მივხვდით, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი იძებნება მის წმინდა ეკლესიაში. მაშინ შევედით ეკლესიაში და დაგვხვდა ეს განსაცვიფრებელი ადამიანი.
პატრიარქზე, როცა საუბრობ გინდა, რომ მოუკლებლად ადიდო ღმერთი და უსაზღვრო მადლიერებით იხსენებდე, რომელმაც ჩვენში, იმ დროინდელ ადამიანებში რწმენა სიტყვით კი არ შემოიტანა მხოლოდ, არამედ გვაჩვენა, დაამოწმა.

სახარებას მოვიშველიებ: „პატრიარქი იყო ისეთი ნათელი, რომელიც ისე ბრწყინავდა, რომელიც საცნაური ხდებოდა ერისთვის“. ამიტომ ის ურწმუნო საზოგადოება, რომელიც ვიყავით ჩვენ, მიზიდული ამ ბრწყინვალების მიერ ნელ-ნელა ვხდებოდით მორწმუნეები. მე მაქვს საკრალური ბედნიერება, მე მისი ხელდასხმული ვარ. ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია დაბადება ფიზიკური და მე ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა, ეს იყო ხელშესახებად განცდილი რეალობა, მისტიკური ღმერთის ჩვენში შემოსვლის რეალური განცდა, რომლის უშუალო მოქმედი ღმერთი იყო, მაგრამ პატრიარქის მიერ“, – განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები