„მაინც მივიტან მინადორას საყვარელ თეთრ ვარდებს თეირანში, მის საფლავზე“…

სკოლის პერიოდიდან დაწყებული ექიმობის სურვილი მოულოდნელად გადააფიქრებინა ჟურნალისტის პროფესიის სიყვარულმა. ასე მოხვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ტელეკათედრაზე. მას შემდეგ ეს სიყვარული უფრო გაღრმავდა და პირველი გადაცემის სიხარულის შეგრძნება დღემდე მოჰყვება.
23 წელია, ტელეჟურნალისტია. 23 წელია, ის პირველი პროფესიული სიხარულია პასუხისმგებლობაც და სტიმულიც. 23 წელია, ყოველ ახალ დღეს სუფთა ფურცლიდან იწყებს…
სხვა დოკუმენტურ ფილმებს შორის გამორჩეულია „ირანული დღიურები“, რომელიც ქართველ მრეწველსა და მეცენატზე აკაკი ხოშტარიაზეა და მრავალ ახალ მასალას ეფუძნება. – ტელეჟურნალისტ თამარ თაგვაძის პერსონა.

– ბავშვობიდან უდიდესი სითბო, სიყვარული და სილამაზე მომყვება. მცხეთის პირველი საჯარო სკოლა დავამთავრე. ისეთი კლასელები მყავს, ყოველთვის რომ მაბედნიერებენ და სულ რომ მენატრებიან. დარწმუნებული ვიყავი, ექიმი გავხდებოდი. მისაღებ გამოცდებამდე ერთი თვით ადრე გადავიფიქრე და ჟურნალისტის პროფესია ავირჩიე.
– სტუდენტობა…
– მესამე კურსზე კი, როცა პრესისა და რადიო-ტელევიზიის განხრით გვანაწილებდნენ, ჩემი მეგობრის, ნათია ჩიქოვანის კეთილი რჩევით რადიო-ტელე მიმართულება ავირჩიე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ტელეკათედრას მაშინ პროფესორი ნიკო ლეონიძე ხელმძღვანელობდა. მახსოვს, პირველი საკურსო გადაცემის მომზადებისას მითხრა, როცა საეთეროდ მზად იქნება, უკვე გეცოდინება, ნამდვილად გინდა თუ არა ტელეჟურნალისტობაო.
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნებისგადაცემათა ავტორი და წამყვანი ხართ… რომელ გადაცემას  გაუსვამდით ხაზს განსაკუთრებით?
– ჩემი პირველი გადაცემა ზურაბ ჭავჭავაძეს ეძღვნებოდა. მუშაობის პროცესში ვფიქრობდი, თუ ასეთი უნდა იყოს პროფესიული ცხოვრება, ასე ყველაფერზე თუ უნდა ვინერვიულო, ნამდვილად ვერ გავუძლებ, მაგრამ ეს პირველი გადაცემა როგორმე უნდა დავასრულო-მეთქი. გავიდა ეთერში და სიხარულის იმ შეგრძნებას ვერ ვივიწყებ.
– 23 წელია, ტელეჟურნალისტიკას ემსახურებით…
– ასეა, უკვე 23 წელია, რაც ტელეჟურნალისტი ვარ. 23 წელია, ის პირველი პროფესიული სიხარულია პასუხისმგებლობაც და სტიმულიც. 23 წელია, ყოველ ახალ დღეს სუფთა ფურცლიდან ვიწყებ. ძალიან ბევრი სირთულის მიუხედავად, იმ პირველი გადაცემის მერე, მართლა, არასოდეს მითქვამს, რომ სხვა პროფესია უნდა ამერჩია. პროფესიულ ოსტატობაში, მოგეხსენებათ, გასწავლიან, რომ არ გაქვს დაღლის უფლება, არ გაქვს და მორჩა!
ეს ნამდვილად გვასწავლა ჩვენმა საუკეთესო პროფესურამ. ჩემს პედაგოგებს სულ ვეუბნები, რომ მე და ჩემი მეგობრები იღბლიანები ვართ, მათი სტუდენტები რომ ვიყავით.
ამ წლების მანძილზე უკვე ბევრი ციკლური სატელევიზიო პროექტის ავტორი და წამყვანი ვარ. ყოველ გადაცემაზე მუშაობის პროცესი მახსოვს – პირველ არხზეც და საპატრიარქოს ტელევიზიაშიც. ყოველთვის საუკეთესო ჯგუფებთან მიხდება მუშაობა. ,,სატელევიზიო ეტიკეტი“ ერთგვარად განსაზღვრავს შემოქმედებითი ჯგუფის მთლიანობის აუცილებლობას, ყველანი ერთად ვქმნით პროდუქტს, ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა გვაქვს.
– მრავალი დოკუმეტური ფილმის ავტორი ხართ –  „და გათავდება ყველა ტკივილი“ – მიტროპოლიტ თადეოზის ხსოვნას ეძღვნება;  „ხიდები სამშობლოსკენ“ – თურქეთის ქართველ მუჰაჯირთა ისტორიას და ფესტივალ ,,ჩვენებურებს; „ბრძოლის საიდუმლო“ – მღვდელმონაზონ გრიგოლ ნადარეიშვილის ცხოვრებას; იერუსალიმს –  „წმინდა მიწა – სულიერი სამშობლო“…
რომელ დოკუმენტურ ფილმზე გაამახვილებდით ახლა ყურადღებას?
 – პირველ არხზე ეკონომიკურ თემატიკაზე ვმუშაობდი. 2009 წლიდან საპატრიარქოს ტელევიზიაში სხვადასხვა გადაცემათა ციკლს ვუძღვები – ,,გზა, რომლითაც ვიარე“, ,,ეპოქის სახელები“,  ,,ლიტერატურული პანორამა“. ვმუშაობ დოკუმენტურ ფილმებზე. ,,ჩემო პატრიარქო!“- იყო პირველი, რამაც უდიდესი პროფესიული სიხარული მომიტანა. 2012 წელს ნუგზარ შონიასთან ერთად ვიყავი დოკუმენტური ფილმის – ,,იქ ცა და მიწა ერთდება“ ავტორი. ფილმის რეჟისორია ირაკლი რობაქიძე.
უწმინდესის წმინდა მიწაზე მოგზაურობას ეძღვნება ეს ფილმი და მეგზური მისი უწმინდესობაა. გადაღებებზე ყველგან – საქართველოშიც და საზღვარგარეთაც ერთადერთ რამეზე ფიქრობ – მასალა არ დაგაკლდეს, რამე არ გამოგრჩეს. მერე გიწევს თავი მართლება ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, 5 ან 10 დღის მანძილზე რომ ვერ მოიკითხე.
– გადაიღეთ დოკუმენტური ფილმი „ირანული დღიურები“,  უამრავი ახალი მასალაა მოძიებული…
– აკაკი ხოშტარია ქართველ მრეწველთა ოთხეულში შედის ძმები ზუბალაშვილებისა და დავით სარაჯიშვილის შემდეგ.  70 წლის მანძილზე ეს სახელი –  აკაკი ხოშტარია აკრძალული იყო საქართველოში.  ირანში საუკუნის წინ დაიწყო მისი მოღვაწეობა და საუკუნის შემდეგ იქ, სამწუხაროდ,  აღარ ახსოვთ. ამ უდიდესი საქმიანობის კვალი პრაქტიკულად წაშლილია და ხილული კვალი აღარ ჩანს.
გადაღებები პირველ ეტაპზე თეირანში  და შემდეგ ირანის სხვა ქალაქებში მიმდინარეობდა, ასე დავიწყეთ აკაკი ხოშტარიას კომერციული საქმიანობის გაცოცხლება. 1913 წელს იწყება მისი კომერციული საქმიანობა ირანში, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ – უპრეცედენტო.
ამერიკული ყაიდის ბიზნესმენის, „ნამდვილი ქართველი მილიონერისა“ და „ირანის უგვირგვინო შაჰის“ – აკაკი ხოშტარიას ნამდვილი ისტორიის გაცოცხლება ორმა ქვეყანამ ერთად მოინდომა.
2016 წლის მაისში, საქართველოში ირანის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით, საქართველოს სპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ შემოქმედებითი ჯგუფი თეირანში გაემგზავრა. ჩემი და ოპერტაორ თემურ სულაბერიძის მასპინძელი ისლამური კულტურისა და ურთიერთკავშირების ორგანიზაცია იყო, ირანში ჩვენი დიდი თანამემამულის კომერციული საქმიანობის დაწყებიდან ერთი საუკუნის შემდეგ იმ კვალის ძებნა დავიწყეთ, რაც ამ ქვეყანაში უგვირგვინო შაჰისგან დარჩა. არ იციან, დღევანდელ ირანში ვის სახელს დაუკავშირდა მათ ქვეყანაში პირველი რკინიგზა, პირველი ავტომობილი, ასევე არაფერი იციან „რუპენტოს“, „პერსლესის“, „ქავიერხურიან“ თუ აკაკი ხოშტარიას დანარჩენი წარმატებული კომპანიების შესახებ.
მასპინძლებმა შეხვედრისთანავე გვითხრეს, რომ დღეს ორივე ქვეყანა ნამდვილი ისტორიის გაცოცხლებას ცდილობს, ერთგვარი მცდელობაა ისტორიული კანონზომიერების აღდგენისო.
თეირანში  დულაბის რუსულ მართლმადიდებლურ სასაფლაოზე, აკაკი ხოშტარიას მეუღლის –  მინადორა ხოშტარიას საფლავი, აკლდამა და სამლოცველოა. ძეგლი 2004 წელს  ჯემშიდ გიუნაშვილმა გადაარჩინა… ძეგლი საჭიროებს განმეორებით რესტავრაციას… თუ დაიწყო განმეორებითი რესტავრაცია?
– პირველად მთელ ქართულ ტელესივრცეში ჩვენს გადამღებ ჯგუფს მიეცა დულაბის სასაფლაოს გადაღების უფლება. თეირანის ამ რუსულ მართლმადიდებულურ სასაფლაოზე მინადორა ხოშტარიასთან ერთად 30 ქართველი განისვენებს. ყოველი მათგანი ირანში მოღვაწეობდა. მინადორას საფლავზე აგებული სამლოცველო ირანში ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთადერთი ძეგლია, 2001-2004 წლებში ირანში საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჯემშიდ გიუნაშვილის დიდი ძალისხმევით თეირანის კულტურულმა დეპარტამენტმა მას რესტავრაცია ჩაუტრა და ფატობრივად დანგრევას გადაარჩინა.
ძეგლის განმეორებით რესტავრაციაში უკვე ქართული მხარე ჩაერთვება და იმედი ვიქონიოთ, რომ პირვანდელი სახით აღდგება.
– ერთ  ინტერვიუში აღნიშნავთ, რომ აკაკი ხოშტარიას საქმიანობის შესახებ ცნობები, სავარაუდოდ, დაცულია ირანის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ასევე გამოუკვლევი მასალაა. ხომ არ დაიწყეთ  ამ მიმართულებით მუშაობა, რომ  კვლევის პროცეს ბოლომდე მივიდეს?
ასევე შეუსწავლელი ყოფილ ბაქოს ეროვნულ არქივში დაცული ცნობები, რომელიც აზერბაიჯანში ხოშტარიას საქმიანობას უკავშირდება.
– ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, ირანის შემდეგ აზერბაიჯანის ეროვნულ არქივში მოვიძიებთ აკაკი ხოშტარიას კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ მასალას. ყველა ქვეყნიდან ფიქრი მომყვება, განუმეორებელი პროფესიული თავგადასავალი, სიხარული და სევდაც, რასაკვირველია.
იყიდეთ თეთრი ვარდების თაიგული, – არასოდეს დამავიწყდება ჩვენს სასტუმროსთან მდგარი ირანელი ბიჭის სიტყვები, დულაბის სასაფლაოსკენ მიმავალს რომ მითხრა. არ ვიცი, ასე რამ დამაბნია და თეირანში, დულაბის რუსულ სასაფლაოზე მინადორა ხოშტარიას საფლავზე არსებული სამლოცველოს გადასაღებად ისე წავედი, თაიგულის წაღება დამავიწყდა. სასაფლაოს მომვლელმა კი, რომლის მამაც და პაპაც დულაბის სასაფლაოს უვლიდნენ, მითხრა, გადმოცემით ვიცი, როგორ მოჰქონდა ,,ირანის უგვირგვინო შაჰს“ – აკაკი ხოშტარიას ყოველდღე მეუღლის საფლავზე თეთრი ვარდებიო.
ახლა, როცა თეირანში ჩავალ დაგვიანებით, მაგრამ მაინც მივიტან მინადორას საყვარელ თეთრ ვარდებს მის საფლავზე.
ამ სევდამ კიდევ ერთი ასევე სევდიანი ეპიზოდი გამახსენა. თურქეთის საქართველოში სოფელ ჰაირიეში აჰმედ ოზგან მელაშვილის საფლავზე შეკრებილმა ჩვენებურებმა მკითხეს – ანსამბლ ,,შავნაბადას“ წევრებს თუ იცნობო. ვუპასუხე, ჩემი მეგობრები არიან-მეთქი. აქ აჰმედ მელაშვილს ისე უმღერეს ,,ნანა“, სამშობლო გვაგრძნობინესო. გადაეცი, სულ ველოდებითო…
23 წელია, ყოველდღე მიხარია, რომ ახალი გადაცემა უნდა ჩავწერო, ახალი მასალა უნდა მოვიპოვო, მერე ჩემს ჯგუფთან ერთად დავამუშავო და მაყურებელს წარვუდგინო. სირთულე მრავალი ახლავს ამ დაძაბულ პროფესიულ რიტმს. შეიძლება, შენთვის სერიოზული პრობლემის ფონზე რუსთაველის თეატრის სცენაზე წერდე ახალ გადაცემას. შეიძლება, რამდენიმე თვის წინ შეთანხმებული გადაღების გამო უკანასკნელ გზაზე ვერ გააცილო ბავშვობის მეგობარი. ჩაწერის პროცესში, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა შეგეტყოს. ზოგჯერ, შეიძლება, ვერც ოჯახური ზეიმისთვის მოიცალო, მაგრამ ეს მხოლოდ ზოგჯერ, როცა აუცილებლად გადაღებაზე უნდა იყო… და მაინც, ყველა შემთხვევაში გრძნობ, რომ ძალიან კარგი პროფესია აირჩიე და ახლაც იგივეს გააკეთებდი, არჩევანის წინაშე რომ იდგე.
ამ წლების მანძილზე მხოლოდ ერთხელ ვერ დავასრულე გადაცემა. ეს ჩემი ტრაგიკულად გარდაცვლილი მეგობრის თეა ბერიძის გადაცემა იყო. მას იტალიაში გამართული საერთაშორისო ფესტივალის ამსახველი საუკეთესო მასალა ჰქონდა. მისი ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ ვიფიქრე, მე დავასრულებ-მეთქი. ვერ შევძელი, არ გამომივიდა. მაშინ შევპირდი, როცა ჩავთვლი, რომ ჩემი რომელიმე გადაცემა მოგეწონება, გულში შენ მოგიძღვნი-მეთქი. აი, დღეს დავასრულე ერთი ასეთი გადაცემა…
– სამომავლო გეგმები?
– რა თქმა უნდა, ახალი გადაღებები, ახალი გამოცემები…
პროფესიული სიხარულის მოლოდინი, ახალი ქვეყნები, ახალი ურთიერთობები და სულ პროფესიული პასუხისმგებლობის შეგრძნებით ცხოვრება.
ახლა რეჟისორ ლევან ქიქავასთან ერთად ვმუშაობ დოკუმენტურ ფილმზე – ,,ალავერდის მარანი“, რომელიც ქვევრის ღვინის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ეძღვნება, რომელიც ალავერდის მარანში აღდგა. გადაღებები, თითქმის, დავასრულეთ. სატელევიზიო პრემიერას ალავერდობისთვის ვგეგმავთ.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები