ოთარ ანგურიძე: სწორი ეკონომიკური განვითარებისთვის, ბიზნესის არცერთი სახეობა არ უნდა იყოს პრივილეგირებული
„იმისათვის, რომ მივიღოთ სწორი ეკონომიკური განვითარება, ბიზნესის არცერთი სახეობა არ უნდა იყოს პრივილეგირებულ სიტუაციაში და დამყარდეს სამართლიანი, კონკურენტული გარემო“, – ასე ეხმაურება ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი, ოთარ ანგურიძე „ოქროს სიის“ საკითხს, რაც კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადის 30-დან 5 დღემდე შემცირებას გულისხმობს.
ექსპერტის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარება, განსაკუთრებით კი – მცირე და საშუალო ბიზნესის.
„კვირა“ ოთარ ანგურიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.
„ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარება, განსაკუთრებით – მცირე და საშუალო ბიზნესისა და ამ ფონზე გაუგონარია, რამ განაპირობა, რომ მსხვილი ბიზნესი გახდა უპირატეს მდგომარეობაში “ოქროს სიის” საშუალებით, რომლითაც მსხვილი კომპანიების ნაწილი სარგებლობდა საბაჟო გადასახადის გადავადებით. ბადებს კითხვის ნიშნებს, ერთი მხრივ, რატომ მოხდა თავიდან ამ სიის ფორმირება და, მეორე მხრივ, რატომ არ გაუქმდა აქამდე ეს სია. იმისათვის, რომ მივიღოთ სწორი ეკონომიკური განვითარება, ბიზნესის არცერთი სახეობა უნდა იყო პრივილეგირებულ სიტუაციაში და დამყარდეს სამართლიანი, კონკურენტული გარემო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ახალ რეალობასთან ადაპტირებისათვის მიეცემათ 30-დღიანი ვადა, რაც სავსებით საკმარისი დროა“, – წერს ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, „ოქროს სია“ კი არ უქმდება, არამედ მის მონაწილე კომპანიებს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდებათ.