დავით ზალკალიანი: სააკაშვილის საკითხი სრულიად უმნიშვნელოა, ჩვენ უფრო სერიოზული თემებით ვართ დაკავებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან

„მაღალი თანამდებობის პირების გამოჭერა კორიდორებში, ხელის ჩამორთმევის ფოტოების გადაღება და შემდეგ ამის წარმოჩენა, როგორც მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრისა, ეს ჩვენი ხელწერა არ არის და ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორც ხდებოდა მსგავსი ქმედებების მიტანა საზოგადოებამდე“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის გამართული ვიზიტის თაობაზე ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებების კომენტირებისას განაცხდა.

მისი თქმით, შეხვედრა გორდონ სონდლანდის მიერ იყო დაგეგმილი.
„ჩვენ ძალიან ღიად ვმუშაობთ და არ გვჭირდება არანირი ფარული შეხვედრები არავისთან და ეს შეხვედრა, რომელიც ბოლო წუთს დაიგეგმა ბრიუსელში, იყო დაგეგმილი ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის – გორდონ სონდლანდის მიერ, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირში ამერიკის შეერთებულ შტატებს და არის საქართველოს დიდი მეგობარი“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისევე, როგორც ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ წევრ ქვეყნებთან, უპრეცედენტოა, რისი გამოხატულებაც იყო პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც, მინისტრის თქმით, მან მონაწილეობა მიიღო ევროკავშირში აშშ-ის ელჩ გორდონ სონდლანდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელზეც მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარი – ფედერიკა მოგერინი, უკრაინის პრეზიდენტი – ვლადიმერ ზელენსკი, რუმინეთის ვიცეპრემიერი და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ერთი თვით ადრე მიღების დაგეგმვა მიღებული პრაქტიკაა, ამაოა ოპონენტების მცდელობა, რომ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა. მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის დროს გაცილებით მნიშვნელოვანი თემებით არის დაკავებული, ვიდრე – მიხეილ სააკაშვილია.
„სააკაშვილის თემა არის სრულიად უმნიშვნელო და აბსოლუტურად არ არის საინტერესო. საზოგადოებამ კარგად დაინახა უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადებიდან, რომ ეს თემა არც ყოფილა განხილული. ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი თემებით ვართ დაკავებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ვსაუბრობთ, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ვსაუბრობთ, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, ევროკავშირთან ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ და ეს არის სერიოზული თემები ჩვენს სტრატეგიულ დღის წესრიგში და ჩვენ სწორედ ამ თემებს მივუყვებით”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები