მიქაუტაძე დოლიძესა და ჯანეზაშვილს პასუხობს – „ტყუილებითა და რაღაც ხრიკებით ცდილობენ ბრძოლას კონკრეტულ კანდიდატებთან“

„ტყუილებით, რაღაც ხრიკებითა და ასეთი მეთოდებით ცდილობენ ბრძოლას კონკრეტულ კანდიდატებთან. უკვე დისკრიმინაციასაც ემსგავსება“, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებას, რის მიხედვითაც მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადი ხარვეზით შეავსო.
მიქაუტაძე განმარტავს, რომ იგი განაცხადში არანაირ ცვლილებას არ აპირებს.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადი ელექტრონულად ივსებოდა და მათი მიღება შესაბამის ვადაში შეწყდა.
„ეს განაცხადები იმ ფორმით არის დამახსოვრებული პროგრამაში, როგორითაც შევსებულია მითითებულ ვადამდე. არანაირ ცვლილებას ვაპირებ არც ჩემს განაცხადში და, ბუნებრივია, არ შეიძლება, მოხდეს სხვა განცხადებაშიც. ეს არის გამორიცხული. ამგვარი ჩარევა შეიძლება, დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს. დღეს მყავს ორი რეკომენდატორი და ხვალ მეყოლება ექვსი? გამორიცხულია, ეს არის ტყუილი. ტყუილებით, რაღაც ხრიკებითა და ასეთი მეთოდებით ცდილობენ ბრძოლას კონკრეტულ კანდიდატებთან. უკვე დისკრიმინაციასაც ემსგავსება. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო კომუნიკაცია განმცხადებლებსა და საბჭოს აპარატის თანამშრომლებს შორის და ეს კომუნიკაცია არ შეიძლება, მივიჩნიოთ განაცხადის ფორმის შეცვლად ან დანაშაულებრივ ჩარევად. ეს არის ელემენტარული კომუნიკაცია კონსულტაციების მიზნით“, – განაცხადა მან.
გიორგი მიქაუტაძე მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს.
„მათ არასდროს დაუმალავთ, არცერთსა და არც მეორეს, რომ არ სურთ, მე ვიყო მოსამართლე, საბჭოს მდივანი და ყველანაირი ფორმით ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას, პიროვნულადაც და საბჭოს გადმოსახედიდანაც, ალბათ, ყველა მეთოდით. ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია აქვთ გავრცელებული აქამდეც. მოლოდინი მაქვს, რომ ამის მერეც ასე იქნება, ეს ჩემთვის მოულოდნელი არ არის“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები – ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაციის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას მოითხოვენ.
ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, კანდიდატთა რეგისტრაციისთვის აუცილებელი განაცხადის შევსებისას საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ დოკუმენტაცია ხარვეზით შეავსო, კერძოდ, სამი რეკომენდატორის ნაცვლად ორი მიუთითა, რაც დარღვევაა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები