გია ვოლსკი ოპოზიციაზე: სამოხელეო დანაშაულზე ლაპარაკობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავად იყო ჩართული სამოხელეო დანაშაულში

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სამოხელეო დანაშაულზე ლაპარაკობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დონეზე თავად იყო ჩართული სამოხელეო დანაშაულში.
შესაბამისი კომენტარი ვოლსკიმ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
„ამასთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა იყო და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. ერთი უზნეობა ის არის, რომ სამოხელეო დანაშაულზე ლაპარაკობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დონეზე თავად იყო ჩართული სამოხელეო დანაშაულში – ყველა იმ დონეზე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლომ შესაბამისი შეფასება მისცა გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით. ახლა ეს დანაშაული რომ გადაფარონ, აქედან გამომდინარეობს ყველა ეს უკმეხი და ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, რომლებსაც ისინი აკეთებენ. ეს იმდენად ნათელია, რომ ამას საზოგადოებისთვის დამატებითი კომენტარი არ სჭირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა პარლამენტს მიმართა, შესაბამისი უწყებებისგან ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის იმ რეკომენდაციების შესრულება მოითხოვოს, რომლებიც სამოხელეო დანაშაულს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები