დონალდ ტრამპი: ყველანაირად ვცდილობ, რომ ირანს არ ჰქონდეს ატომური იარაღი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ატომური იარაღის გავრცელება დაუშვებელია, რადგან ის მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს იარაღი ირანის ხელში არ აღმოჩნდეს. აღნიშნულ თემაზე ტრამპმა გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“ყველანაირად ვცდილობ, რომ ირანს არ ჰქონდეს ატომური იარაღი. ის ყველაზე დიდი პრობლემაა მსოფლიოსთვის და მის გავრცელებას ვერ დავუშვებთ. ჩვენ ეს, უბრალოდ, არ შეგვიძლია”, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში უმსხვილესი ავიამზიდი – “აბრაამ ლინკოლნი” განალაგა. ავიამზიდი ირანის სანაპიროს მახლობლად იმყოფება და სამხედრო მანევრებს ატარებს. საჰაერო ძალების პილოტები B52-ის ტიპის მოიერიშეებით საჰაერო სივრცეს სრულად აკონტროლებენ.
უმსხვილესი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის გაფრთხილების მიზნით მას შემდეგ გაგზავნა, რაც ამერიკულმა სამხედრო დაზვერვამ თეირანის მხრიდან ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. ირანში სპეცსამსახურების მოხსენებას სიცრუე უწოდეს და აშშ ინფორმაციის გაყალბებაში დაადანაშაულეს.