საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები სტაჟირებას აშშ-ის კონგრესსა და შტატების საკანონმდებლო ორგანოებში გაივლიან

ვაშინგტონში პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის აპარატის უფროსი – გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე – დავით გელაშვილი “ღია სამყაროს ლიდერთა ცენტრის” (OPEN WORLD LEADERSHIP CENTER) პროგრამის დირექტორს, ჯეინ სარგუსსა და პროგრამების მენეჯერს, ლუის მადანიკს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების პირობები განიხილეს.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამერიკულმა მხარემ გამოთქვა მზაობა საქართველოს პარლამენტის აპარატიდან სტაჟირებაზე აშშ-ის კონგრესსა და შტატების საკანონმდებლო ორგანოებში ყოველწლიურად სამი საპარლამენტო ჯგუფის სასწავლო ვიზიტის დაფინანსების საკითხზე, თითოეული – 6 თანამშრომლის შემადგენლობით. პროგრამა „ღია სამყარო“ საშუალებას მისცემს მონაწილეებ,ს გაეცნონ ადგილობრივი და ფედერალური ხელისუფლების ორგანოების საქმიანობას. დელეგატები შეხვდებიან ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ, ხორციელდება აშშ-ს ღია სამყაროს ლიდერთა ცენტრის და აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით. პროგრამა ფარავს მონაწილეთა მგზავრობის, განთავსების, კვებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ „ღია სამყაროს“ ლიდერთა ცენტრის წარმომადგენლებს გააცნო ახალი რეგლამენტის თანახმად პარლამენტის საქმიანობაში განხორციელებული ცვლილებები და პირველადი შედეგები. განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს აპარატის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ორი ჯგუფისთვის მიმდინარე წლის თებერვალსა და მაისში განხორციელებული სასწავლო ვიზიტების ორგანიზებისთვის. „ღია სამყაროს“ ხელმძღვანელებმა აღნიშნეს ვიზიტად მყოფი აპარატის თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაცია და მოტივაცია ამერიკელ კოლეგებთან სამომავლო ურთიერთობების განვითარების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები