სააკაშვილი მხარდამჭერებს: თუ კლიჩკოს წინადადებას არ მივიღებთ, შესაძლოა, ჩემი გუნდი ყველა არჩევნების მიღმა დარჩეს

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მერის, ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებასთან დაკავშირებით მხარდამჭრებთან კონსულტაციებს გადის.
მისი თქმით, თუ გადაწყდება, რომ კლიჩკოს შეთავაზებას დათანხმდეს, მაშინ პარტიაში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა განხორციელდეს.
„თუ წავალთ „უდარში“, ამ შემთხვევაში, ამ პარტიის შეცვლა მოგვიწევს ფუნდამენტურად. პირველ ყოვლისა, იქ ბევრი ადამიანია, რომლებიც ბოლო მომენტამდე პოროშენკოსთან იყვნენ. ამიტომ, მე მგონია, რომ თუ ერთად წავალთ, ამ ადამიანებისგან უნდა გავთავისულდეთ, რომლებიც ბოლო წუთამდე პოროშენკოს ლოიალურად ემსახურებოდნენ. იქ, ასევე, არიან გარკვეული ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულები არიან კორუფციასთან და მათგანაც უნდა გავთავისუფლდეთ და უფრო მეტიც, მივაღწიოთ ციხეში მათ გაშვებას. ესეც გარკვეული წინაპირობაა განახლებისა და ახალი გაერთიანებისა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება ალტერნატიულ გზას – სააკაშვილის თქმით, ამ გზის არჩევის შემთხვევაში, „ახალი ძალების მოძრაობა“ შესაძლოა, არჩევნების მიღმა აღმოჩნდეს.
„არის კიდევ მეორე ვარიანტი. თუ ამ წინადადებას არ ვიღებთ და ამ არჩევნებზე არ მივდივართ, მაშინ ჩემი გუნდი, „ახალი ძალების მოძრაობა“, შეიძლება ყველა არჩევნების მიღმა აღმოჩნდეს. ესეც არჩევანია, მაგრამ მე მესმის, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ახლა დახმარება სჭირდება, მათ შორის – პარლამენტში, ასევე, ახალი კადრებით. იმისთვის, რომ დავეხმაროთ, აუცილებელია, მხოლოდ პასიური დამკვირვებლები არ ვიყოთ, არამედ მონაწილეობა უნდა მივიღოთ პროცესში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ კიევში რამდენიმე დღის წინ დაბრუნებულ მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა. კლიჩკოს თქმით, პარტია უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები