გიორგი ლომია კალანდიაზე: როგორ შეიძლება, ეს იყოს პოლიტიკური დაკავება

“როგორ შეიძლება, ეს იყოს პოლიტიკური დაკავება?”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გაუგებარია, რატომ გაიწელა საქმის გამოძიება.
„მე საერთოდ არ მესმის, რატომ გაიწელა ამდენ  ხანს ამ საქმის გამოძიების პროცესი. ეს გაუგებარია. ბევრი რამ არ უნდა გაკეთებულიყო, რაც გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან. შეეძლოთ, ეს დაემთავრებინათ თავის დროზე. არ უნდა ყოფილიყო არც ხელის დაფარება, არც თავისი ახლობლების გვერდზე გაწევა და დამალვა. ამ ყველაფერმა ძალიან ცუდად იმოქმედა, პირველ ყოვლისა, თავად ხელისუფლებაზე, ასევე, გამოძიების პროცესზე. რაც შეეხება გუშინდელ დაკავებას – როგორ შეიძლება, ეს იყოს პოლიტიკური პროცესი, მე არ მესმის. პოლიტიკური პროცესი არის მაშინ, როცა ადამიანი უდანაშაულოა, მაგრამ მას აკავებენ იმიტომ, რომ ეს სჭირდება პოლიტიკურად რომელიღაცა კლანს. თუ ადამიანი დამნაშავეა და ის დააკავეს, აქ პოლიტიკური დავალება   ან პოლიტიკურად მოტივირებული პროკურორი   არ შეიძლება, იყოს“, – განაცხადა ლომიამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია გუშინ, 4 ივნისს დააკავა.
3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში  დაუდგენელ პირთან ერთად.
მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.
„მიხეილ კალანდია უდანაშაულოა. ამას არ ვამბობ იმის გამო, რომ ჩემი ოჯახის წევრია. მას არც ხელნაკეთი იარაღი ჭერია, არც დანა, არც დანის ტარი, უბრალოდ, იჩხუბა, როგორც დანარჩენმა იქ მყოფმა ყველა ბავშვმა. თუ ასეა, მაშინ დასაჭერია ყველა ბავშვი, ვინც იქ იყო. დაკავების მოტივი ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტკურია. აქამდე ჩუმად ვიყავით, პირიქით, გამოძიებასთან ვთანამშრომლობდით, რომ სიმართლე დადგენილიყო, მაგრამ მათ ის სიმართლე დაადგინეს, რომელიც მათ აწყობდათ”, – განაცხადა კალანდიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები