„პროცესში ჩვენი უცხოელი პარტნიორები უნდა ჩაერთონ“ – გიორგი ლომია დავით გარეჯზე საუბრობს

“პროცესში უნდა ჩაერთონ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ეს აუცილებელი პირობა იქნება იმისათვის, რომ სიტუაცია მართლა არ დაიძაბოს და ჩვენ იმ ჩარჩოებს არ გავცდეთ, რასაც ჰქვია დიპლომატია და მეგობრული ურთიერთობა”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ლომიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განვითარებული პროცესების უკან რუსეთის კვალს ვერ ხედავს.
„დღეს საქართველოში რუსოფობიის ისტერია უკვე პიკს აღწევს ყველაფერში რუსეთის კვალს ხედავენ. ეს რაში შეიძლება აწყობდეს რუსეთს, ვერ გეტყვით. ლოგიკურად, პირველ ყოვლისა, ალბათ, სომხეთს უნდა აწყობდეს ჩვენი და აზერბაიჯანის დაპირისპირება. არავინ ამბობს, რომ ეს შეიძლება აწყობდეს სომხეთს. ყველა ამბობს, რომ აწყობს რუსეთს. დავანებოთ თავი, ყველას აქვს თავის აზრის გამოთქმის უფლება. მე არ მგონია, რომ ან მამაოებს  ან ისეთ ადამიანებს, რომლების იქ ჩადიან პოზიციის დასაფიქსირებლად, რომ გარეჯი საქართველოა, რუსეთი კარნახობს, რომ გინდათ  თუ არა იქ ჩადითო. მე არ  მგონია, რომ აზარბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რუსეთმა უკარნახა და უთხრა, რომ უნდა გააკეთო განცხადება, რომ დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიააო. არ მგონია, რომ რუსეთი ამ დონეზე იყოს ჩარეული“, – განაცხადა ლომიამ.
დეპუტატის თქმით, პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა აუცილებელია.
„ვფიქრობ, ეს არის პროცესი, რომელიც, საბოლოოდ, გარდაუვალია. ოდესმე ამ საკითხს მაინც წამოვწევდით. ბევრი აბრალებს ქალბატონ სალომეს, რომ მან წამოიწყო ეს თემა. შემიძლია  გითხრათ, რომ ქალბატონმა სალომემ გამოთქვა საკუთარი აზრი.  ის პროცესი, რომელიც დაიძრა,  ბუნებრივი პროცესია, რომელიც ოდესმე მაინც დაიძრებოდა. მე პრეზიდენტს ვერ დავაბრალებ ამას. ჯობს, დღეს გადავწყვიტოთ, საბოლოოდ, ვისია ეს ტერიტორია, რომ მუდმივად სადავო ტერიტორიად არ იყოს. ჩვენ ისედაც გავქვს დაკარგული და სადავო ტერიტორიები.
მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესში უნდა ჩაერთონ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ეს აუცილებელი პირობა იქნება იმისათვის, რომ სიტუაცია მართლა არ დაიძაბოს და ჩვენ იმ ჩარჩოებს არ გავცდეთ, რასაც ჰქვია დიპლომატია და მეგობრული ურთიერთობა. საერთაშორისო საზოგადოება აუცილებლად უნდა ჩაერთოს, რომ არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია.
არსებობს  რუკები, სადაც დავით გარეჯის ტერიტორია საქართველოს ფარგლებშია და არა – საქართველოს ფარგლებს გარეთ. საერთოდ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეები  იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი იყო სისტემა, რომელიც თავს მოგვახვიეს “ბოლშევიკებმა” და “წითელმა არმიამ”. 1918 წლიდან 1921 წლამდე პირველი რესპუბლიკა ხომ არსებობდა, მაშინ შექმნილი რუკა უნდა იყოს ის ათვლითი წერტილი, რაზეც უნდა ვსაუბრობდეთ და იმ რუკით დავით გარეჯის ტერიტორია საქართველოა”, – განაცხადა ლომიამ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები