გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ მთავარ ამოცანად ქვეყნის დესტაბილიზაცია რჩება

„ვინც გირგვლიანის საქმეზე აპელირებს და დღეს წარმოადგენს იმ ხელისუფლებას, სწორედ მათ შეკრეს, შეაერთეს, ჩამოაყალიბეს სისტემა და ისეთი პროდუქტი, ლაქა, რომელსაც ქვეყანა კიდევ დიდხანს ვერ ჩამოირეცხავს“, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუ „პირისპირის“ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს მთავარ აქცენტზე, რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს სახელმწიფო, სასამართლო და პროკურატურა, ასევე კანონმდებლები, რომელთაც სპეციალურად გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით შეცვალეს კანონი.
„ამხელა ტკივილი და უბედურება დაატყდა ზაზა სარალიძის ოჯახს. ამ საქმესთან დაკავშირებით როდესაც საბოლოო განაჩენი დადგება, საუბარი, რასაკვირველია, უნდა გაგრძელდეს და შეფასება მიეცეს. ძალიან რთული „ქეისი“ იყო. ამდენი ადამიანი არასწორ ინფორმაციას იძლევა. გირგვლიანის საქმესთან რომ ავლებენ პარალელს, მაშინ სწორედ ამ საქმეზე სახელმწიფო, სასამართლო ყველა შეიკრა, მათ შორის გამოძიებაც, ერთი ოჯახის წინააღმდეგ. ისინი კანონმდებლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ ამ საქმის გაყალბებაში, მათ შორის გიგა ბოკერია, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა საუბრობს. მათ კანონი შეცვალეს სპეციალურად გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა ხორავას საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივად სწორი დადგენილება ჩამოაყალიბა და მიიღო.
„სამართლებრივად სწორი დადგენილება ჩამოაყალიბა უმრავლესობამ, რომ ამ მიმართულებით არის ნაკლოვანებები, ამ მიმართულებით არის სერიოზული კითხვები, და ამ მიმართულებას უნდა გაჰყვეს გამოძიება მომავალში. ამას დაუჭირა მხარი პარლამენტმა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 ივნისს შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დააკავა, რასაც უკვე 17 თვეა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვდა.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის პალატის გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ. ჯ.-მ, ჯგუფურად, პალატამ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები